აჭარის მუნიციპალიტეტებში დიდთოვლობის შედეგად გამოწვეული პრობლემების სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურად გრძელდება

აჭარის მუნიციპალიტეტებში დიდთოვლობის შედეგად გამოწვეული პრობლემების სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურად გრძელდება.

სამუშაოები გრძელდება ხულოში, დახმარება გაეწიათ სოციალურად დაუცველ, მარტოხელა ადამიანებს და სპეციალური საჭიროების მქონე პირებს. მოხდა მათი საცხოვრებელი სახლებიდან თოვლის გადმოთოვლა, საკვებითა და მედიკამენტებით დახმარება.

დღის ბოლომდე დასრულდება ყველა ადმინისტრაციულ ერთეულთან მისასვლელ გზებზე გაწმენდითი სამუშაოები. გზებზე გადაადგილება შესაძლებელია მაღალი გამავლობის ავტომობილებით. სასმელი წყალი დაბა ხულოს მოსახლეობას გრაფიკის მიხედვით შეუფერხებლად მიეწოდება. ასევე ყველა აბონენტს მიეწოდება ელექტროენერგია. საგანგებო სიტუაციების მართვის შტაბი, მუნიციპალიტეტის მერია და ყველა შესაბამისი უწყება 24 საათიან რეჟიმში აგრძელებს მუშაობას.

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი დიდთოვლობის გამო, გზების გაწმენდის სამუშაოებს კვლავ უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ადმინისტრაციულ ცენტრებთან მისასვლელი გზების გაწმენდის სამუშაოები დასრულებულია, ხოლო ქობულეთის მუნიციპალიტეტში დღის ბოლომდე დასრულდება.

აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში გრძელდება შიდა სასოფლო გზების გაწმენდის სამუშაოები. ასევე ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება ხულოს, შუახევის და ქედის მუნიციპალიტეტებში ადმინისტრაციულ ცენტრებამდე მისასვლელი საავტომობილო გზების გაწმენდის სამუშაოები.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები