27 თებერვალი მხატვარ ალექსანდრე (შურა) ბანძელაძის დაბადების დღეა
დღეს ალექსანდრე (შურა) ბანძელაძის დაბადების დღეა. ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმის ინფორმაციით, ფერმწერი, მონუმენტალისტი და ილუსტრატორი, ალექსანდრე ბანძელაძე 1950-იან წლებში ქართულ და საბჭოთა სივრცეში სახვითი ხელოვნების ნოვატორული ნაკადის სათავეშია.
ევროპული მოდერნისტული ფერწერის ტრადიციების გააზრებით, ავტორმა ინდივიდუალობით გამორჩეული მხატვრული სამყარო შექმნა. მან ქრონოლოგიური თანმიმდევრობით განიცადა XIX საუკუნის ყველა დასავლეთ ევროპული მიმდინარეობის გავლენა – იმპრესიონიზმი, პუანტილიზმი, კუბიზმი თუ ფოვიზმი. 1960-იანი წლებიდან კი ის ფარულად მუშაობდა აბსტრაქციაში. მისი სახელი სწორედ ქართული აბსტრაქტული ექსპრესიონიზმის განვითარებას და 1980-იანი წლების ქართველი ნონკონფორმისტების პლეადის ჩამოყალიბებას უკავშირდება.
მისი შემოქმედება ეტაპური მნიშვნელობის მოვლენაა ახალი ქართული ხელოვნების განვითარებაში.