„ვაპირებთ, დანამატს დავარქვათ ხელფასი, ანუ ანაზღაურება მოხდება ხელფასის ფორმით“

   ვაპირებთ, რომ მომავალი წლის იანვრიდან სახელფასო დანამატს დავარქვათ ხელფასი, – ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა. როგორც მან, გადაცემა “ბიზნეს კურიერში” აღნიშნა, ცალკე დანამატი აღარ გაიცემა და თანამშრომლები შრომით ანაზღაურებას ხელფასის ფორმით მიიღებენ.
“დანამატების სისტემა თბილისის მერიაში არსებობდა და იყო შემთხვევები, როცა დანამატი შრომითი ანაზღაურების ერთმაგ ოდენობაზე მეტიც კი იყო. ჩვენ მხოლოდ მცირედი კორექტირება გავაკეთეთ ამის და წლის ბოლომდე დავტოვეთ ისეთი ფორმით, როგორიც იყო, ანუ არსებითად არ შეგვიცვლია. თუმცა, ამავდროულად ჩემი მხრიდან დაევალა შესაბამის სამსახურებს ახალი წესი მოვამზადოთ შრომის ანაზღაურებასა და დანამატებთან დაკავშირებით და იმ მავნე პრაქტიკას, რაც არსებობს, დაესვას წერტილი. ჩემთვის გაუგებარია რატომ ატყდა აჟიოტაჟი. ძალიან მნიშვნელოვანია კვალიფიციურ ადამიანებს, რომლებიც მართლა ზეგანაკვეთურად მუშაობენ, ჰქონდეთ შესაბამისი მოტივაცია. ადამიანებმა, რომლებიც თანამდებობაზე ინიშნებოდნენ, იცოდნენ, რომ იქნებოდა ხელფასი და იქნებოდა დანამატი. ჩვენს მიერ აღებული ხელფასისა და დანამატის ჯამური მოცულობა გაცილებით უფრო ნაკლებია, ვიდრე იგივე კვალიფიკაციის ადამიანები კერძო ან სხვა სექტორში იღებენ. კვალიფიციური ადამიანების შენარჩუნებას სჭირდება მოტივაცია… ვაპირებთ, რომ დანამატს მომავალი წლის იანვრიდან დავარქვათ ხელფასი, ანუ ანაზღაურება მოხდება ხელფასის ფორმით”, – განაცხადა ნარმანიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები