მამუკა მდინარაძე პაველ ჰერჩინსკის განცხადებაზე: ვიდრე სხვაზე ილაპარაკებს, მაშინ თქვას ძალადობრივი აქციის მონაწილეები უნდა იყვნენ თუ არა დასჯილები – შემდეგ ოდნავ მაინც გვექნება საფუძველი მის ობიექტურობაზე ვიმსჯელოთ
„ვიდრე სხვაზე ილაპარაკებს, მაშინ თქვას ძალადობრივი აქციის მონაწილეები უნდა იყვნენ თუ არა დასჯილები და შემდეგ ოდნავ მაინც გვექნება საფუძველი მის ობიექტურობაზე ვიმსჯელოთ, ახლა მსჯელობის საფუძველიც არ გვაქვს,“ – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის განცხადების შეფასებისას განაცხადა, რომელმაც აქციაზე მყოფი პოლიციელების დასანქცირების აუცილებლობაზე ისაუბრა.
მისი თქმით, არავინ არ დარჩება დაუსჯელი ცოტა რთული სათქმელია იმიტომ, რომ ძალადობაში მონაწილეობდა რამდენიმე ასეული ადამიანი და რამდენიმე ათეულია მხოლოდ დაკავებული.
„არაფერს არ ვერჩით ბატონ პაველს პერსონალურად, თუმცა მას ასეთი მძიმე გადაწყვეტილებების მიღება უწევს, რომ ასეთი მძიმე განცხადებები უნდა აკეთოს. არავინ არ დარჩება დაუსჯელი ცოტა რთული სათქმელია იმიტომ, რომ ძალადობაში მონაწილეობდა რამდენიმე ასეული ადამიანი და რამდენიმე ათეულია მხოლოდ დაკავებული. მოდი ასე შევატრიალოთ მაშინ ეს ამბავი. ვიდრე სხვაზე ილაპარაკებს, მაშინ თქვას, ძალადობრივი აქციის მონაწილეები უნდა იყვნენ თუ არა დასჯილები და შემდეგ ოდნავ მაინც გვექნება საფუძველი მის ობიექტურობაზე ვიმსჯელოთ, ახლა მსჯელობის საფუძველიც არ გვაქვს იმიტომ, რომ დღეს ბატონმა პრემიერმა სწორად აღნიშნა იმასთან დაკავშირებით, რომ ამ ადამიანმა სხვებთან ერთად, რომლებიც ნებით თუ უნებლიედ ასრულებენ „დიფსთეითის“ დავალებებს და საერთო კონტექსტში მოქმედებდნენ, წააგეს საქართველოში არჩევნები.
წაგებულმა ძალებმა რაც არ უნდა ილაპარაკონ, ის დაისჯება, თუ არ დაისჯება, მათ ობიექტურობაში ვერავინ ვერ დარწმუნდება, თუ ცალმხრივად ილაპარაკებენ. წაგებული იმიტომ, რომ ესენი იყვნენ ადამიანები, რომლებიც პირდაპირ მოუწოდებდნენ იმ აგენტურული ნაცოპოზიციის მხარდაჭერისკენ საზოგადოებას, პირდაპირ და ხანდახან ირიბადაც, თუმცა ძალიან მისახვედრად ირიბად, რომ „ქართული ოცნებისთვის“ არ დაეჭირათ მხარი. ამიტომ წააგეს არჩევნები და ამიტომ არიან ისინი მხარეები. როდესაც არის ასე აშკარა მხარე, რომელიც საქართველოსთვის სახელმწიფო ინტერესების გასაუარესებლად და წინააღმდეგ მოქმედებს, აქ მხოლოდ ხელისუფლებაზე არ არის საუბარი, ჩვენ გვაქვს საფუძველი, რომ ვუთხრათ – თქვენ არ ხართ ობიექტური, თქვენ იტყუებით, სამწუხაროდ, და ამ ტყუილში ჩვენ მოსახლეობას არ ვაცხოვრებთ“, – განაცხადა მდინარაძემ.