ლევან მახაშვილი: ჩვენი მოლოდინი ევროკავშირთან, ისევე როგორც სხვა ქვეყნებთან ურთიერთობაში არის ის, რომ მათ აქ ეყოლებათ ადამიანები, რომლებიც ელჩის ფუნქციებს შეასრულებენ და არა პოლიტიკოსის

“ჩვენი მოლოდინი ევროკავშირთან, ისევე როგორც სხვა ქვეყნებთან ურთიერთობაში არის ის, რომ მათ აქ ეყოლებათ ადამიანები, რომლებიც ელჩის ფუნქციებს შეასრულებენ და არა პოლიტიკოსის”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა, ლევან მახაშვილმა ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადების შეფასებისას აღნიშნა.

მისი თქმით, მიუღებელია, როდესაც ელჩები პროკურორის თუ მოსამართლის როლში გამოდიან.

„გვახსოვს, როდესაც ელჩები პოლიტიკურ როლებს ასრულებდნენ – ასევე გვახსოვს, სამწუხაროდ, როგორ დასრულდა ეს ურთიერთობები. ამიტომ, ჩვენ ვისურვებდით, რომ პოლიტიკოსების ნაცვლად, რომლებიც ისედაც მრავლად გვყავს შიდა პოლიტიკაში, ამ ადამიანებმა ის როლი შეასრულონ, რისთვისაც მოვლენილი არიან ამ ქვეყანაში. თუ რაიმე სხვა კითხვა აქვს ელჩს ან მის წარმომადგენელ რომელიმე წევრ სახელმწიფოს, მათ შეუძლიათ შსს-ს მიმართონ, დეტალურად ნახონ თითოეულ ადამიანთან დაკავშირებით ყველა მტკიცებულება, ვიდეო/ფოტო თუ სხვა ტიპის, რომელიც ამ ადამიანზე შეიძლება იყოს, ასევე შეუძლიათ დაესწრონ სასამართლო სხდომებს, მაგრამ როდესაც თავად გამოდიან პროკურორის თუ მოსამართლის როლში, ეს ნაწილი და ეს კომპონენტი ჩვენთვის მიუღებელია. ვისურვებდით, რომ ეს ურთიერთობები იყოს არა ის, რასაც ვხედავთ – პოლიტიკოსების, პროკურორების თუ მოსამართლეების მანტიით რომ გვესაუბრებიან, არამედ ჯდებოდეს დიპლომატიური ურთიერთობების ფარგლებში“, – განაცხადა მახაშვილმა.

ცნობისთვის, ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ევროკავშირის მხრიდან სანქციების დაწესების შესახებ დასმულ შეკითხვას უპასუხა და აღნიშნა, რომ ევროკავშირი ვერ შეეგუება ძალადობას, დაუსჯელობასა და დაშინებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები