გურამ გურამიშვილი: სატვირთო გადაზიდვების ზრდა შუა დერეფნის ცნობადობის ამაღლებამ და ინფრასტრუქტურისა და სატრანსპორტო ოპერაციების გაუმჯობესებამ განაპირობა
„ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს დერეფანზე გადაზიდული ტვირთების სტაბილურად მზარდი ტენდენცია შეინიშნება, რასაც რამდენიმე ძირითადი ფაქტორი განაპირობებს. უპირველესად აღსანიშნავია, რომ შუა დერეფნის ცნობადობა ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა. ტვირთმფლობელები სულ უფრო მეტად ინტერესდებიან მარშრუტების დივერსიფიცირებით და შუა დერეფანი ამის კარგი საშუალებაა. აქვე უნდა აღინიშნოს ბოლო წლებში გადადგმული ნაბიჯები შუა დერეფნის კონკურენტუნარიანობის ამაღლების მიმართულებით, რაც გამოიხატა როგორც ინფრასტრუქტურის, ისე სატრანსპორტო ოპერაციების და სატარიფო პოლიტიკის გაუმჯობესებაში, რამაც ასევე შეუწყო ხელი დამატებითი ტვირთების მოზიდვას,” – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილმა.
საქართველოს რკინიგზის მიერ გავრცელებული სტატისტიკით, კომპანიის სატვირთო გადაზიდვების მაჩვენებელი რეკორდულად გაიზარდა. 2025 წლის იანვარში, კომპანიამ, წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით 14%-ით მეტი – მილიონ ას ოცდასამი ათასი ტონა ტვირთი გადაზიდა. ამასთან, 30 პროცენტით გაიზარდა საქართველოს რკინიგზის შემოსავალი სატვირთო, ხოლო 37 პროცენტით – საკონტეინერო გადაზიდვებიდან. აღსანიშნავია, რომ ნავთობპროდუქტების გადაზიდვების მაჩვენებლები გაიზარდა 21%-ით, ქიმიკატების 35%-ით, ხოლო მშრალი ტვირთის 70%-ით.