დავით IV-ის ანდერძის შესახებ ეროვნული არქივის ფილმი სკოლის მოსწავლეებმა იხილეს
„ნაშთი ძვირფასი სიგელ-გუჯრისა“ – ასე ჰქვია დავით აღმაშენებლის ანდერძის შესახებ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის მიერ მომზადებულ დოკუმენტურ ფილმს, რომლის ჩვენებაც არქივის კინოთეატრში სკოლის მოსწავლეებისთვის გაიმართა, – ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული არქივი ავრცელებს.
მათივე ცნობით, ეროვნულ არქივთან ერთად ღონისძიების ორგანიზატორი ისტორიის მასწავლებელთა საქართველოს ასოციაცია იყო. ჩვენებას დაესწრნენ ამ ასოციაციასთან არსებული „ნორჩ ისტორიკოსთა სკოლის“ მოსწავლეები.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში დაცული მეფე დავით IV-ის ანდერძი შიომღვიმის მონასტრისადმი 1123-1124 წლებში, შირვანში ლაშქრობის წინ არის შედგენილი და მას გამორჩეული მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნის ისტორიოგრაფიაში.
დოკუმენტურ ფილმში, რომლის ავტორია ქეთევან ასათიანი, ისტორიკოსები: გიორგი ოთხმეზური, მამუკა წურწუმია, თემო ჯოჯუა და მზია სურგულაძე საუბრობენ დავითის ანდერძის შედგენის წინაპირობებსა და ისტორიულ კონტექსტზე, დეტალურად განიხილავენ იმ ძვირფას ცნობებს, რომლებიც დავითის პიროვნებისა და მოღვაწეობის შესახებ ამ საბუთმა შემოგვინახა.
ჩვენების შემდეგ გაიმართა დისკუსია, რომელსაც ისტორიკოსი თეა ქართველიშვილი უძღვებოდა.
ფილმი უახლოეს მომავალში გამოქვეყნდება ეროვნული არქივის სოციალური ქსელების მეშვეობით.