ამერიკელი და რუსი ხელისუფლებასთან დაკავშირებული პირები შვეიცარიაში, უკრაინის ომის შესახებ არაოფიციალური მოლაპარაკებებისთვის ერთმანეთს რამდენჯერმე შეხვდნენ, მათ შორის გასულ კვირასაც,- ამის შესახებ “როიტერს” ამ საკითხზე ინფორმირებულმა სამმა წყარომ ანონიმურად განუცხადა.
წყაროების ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ დამსწრეებს აქვთ დიპლომატიური გამოცდილება, ისინი არ არიან სამთავრობო მოხელეები და გაურკვეველია, იყვნენ თუ არა ისინი მთავრობების გაგზავნილი პირები.
მედიის ცნობით, ამერიკის და რუსეთის წარმომადგენლები კომუნიკაციის არაოფიციალური არხის გამოყენებით საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვების შემდეგ მართავდნენ შეხვედრებს.
როგორც წყარო სააგენტოს უყვება, ტრამპის ზოგი მრჩეველი აღნიშნული მოლაპარაკებების შესახებ ინფორმაციას ფლობდა. ბოლო ასეთი შეხვედრა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის პარალელურად შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში შედგა.
მედიის ცნობით, ბევრი სხვა დეტალი გაურკვეველი რჩება, მათ შორის იყვნენ თუ არა უკრაინელები, როდის დაიწყო შეხვედრები და რას მოიცავდა შეხვედრების დღის წესრიგი.
ერთ-ერთმა წყარომ შვეიცარიის მოლაპარაკებები აღწერა როგორც დისკუსიების “მეორე გზა” – დიპლომატიური ენა არაოფიციალური დიალოგისთვის, რომელიც მიმართულია კომუნიკაციისა და იდეების გაუმჯობესებაზე, ვიდრე კონკრეტული წინადადებების შემუშავებაზე.
თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭო, უკრაინის მთავრობა და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო თემასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს.
კომენტარები
კომენტარი