„ვიმედოვნებთ, რომ აშშ-ის მხრიდან ჩვენი სახელმწიფოს მხარდაჭერა გაგრძელდება“ – ერმაკი კელოგს შეხვდა
უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსი ანდრეი ერმაკი კიევში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელს უკრაინასა და რუსეთში კიტ კელოგს შეხვდა. ამის შესახებ ერმაკმა Telegram-ზე დაწერა.
მისი თქმით, კიევი იმედოვნებს, რომ აშშ-ის მხრიდან უკრაინის მხარდაჭერა გაგრძელდება.
„მოხარული ვარ, რომ დღეს კიევში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელს უკრაინასა და რუსეთში კიტ კელოგს ვუმასპინძლე. ეს იყო მისი პირველი შეხვედრა ვიზიტის დროს და მადლობელი ვარ, რომ ამ რთულ დროს უკრაინაში ჩამოვიდა – ჩვენ ამას ვაფასებთ“, – აღნიშნა ერმაკმა.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ კიტ კელოგმა მიიღოს სრული ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ხდება ფრონტზე, ჩვენი ერის გამძლეობისა და სულისკვეთების შესახებ, რომელიც უცვლელი დარჩა მთელი ამ წლების განმავლობაში. იმისთვის, რომ მან საკუთარი თვალით დაინახოს და ყველა დეტალი გაიგოს. მნიშვნელოვანი იქნება სამხედრო სარდლობისა და საველე მეთაურების ბრიფინგები ბრძოლის ველზე არსებული ვითარების შესახებ.
ვიმედოვნებთ, რომ აშშ-ის მხრიდან ჩვენი სახელმწიფოს მხარდაჭერა გაგრძელდება. გვინდა, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობა დარჩეს ღია, მათ შორის, იყოს ნდობა და ურთიერთწარმატების პრინციპები. მნიშვნელოვანია, როგორ დასრულდება ეს ომი. მე პირადად ვუთხარი ამის შესახებ კიტ კელოგს. რუსეთი ყოველთვის მანიპულირებს ინფორმაციით, ცდილობს უთანხმოების დათესვას, ტყუის, რათა ჩვენს შორის დაპირისპირება გამოიწვიოს.
პრინციპი „არაფერი უკრაინის შესახებ უკრაინის გარეშე“ საკვანძოა. ჩვენი ინტერესია, რომ შეერთებული შტატები სიმართლისა და სამართლიანობის მხარეს იყოს და ის ჩვენს მხარესაა. ჩვენ დაინტერესებული ვართ შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული, გრძელვადიანი და ყოვლისმომცველი პარტნიორობით. უკრაინას სჭირდება უსაფრთხოების გარანტიები, თავდაცვითი და ეკონომიკური პარტნიორობა“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსმა.