19 თებერვალი ლეო ქიაჩელის დაბადების დღეა
ლეო ქიაჩელი (შენგელაია) დაიბადა 1884 წლის 19 თებერვალს ზუგდიდის მაზრის სოფელ ობუჯში, აზნაურის ოჯახში. დაწყებითი განათლება ქუთაისის გიმნაზიაში მიიღო. უმაღლესი განათლების მისაღებად კი ხარკოვის უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე ჩაირიცხა, თუმცა უნივერსიტეტი ერთ წელიწადში იხურება, ქიაჩელი კი სამშობლოში ბრუნდება.
1909 წელს გამოაქვეყნა პირველი მოთხრობა. ქიაჩელის ადრინდელ ნოველებში საგრძნობია სიმბოლისტური და იმპრესიონისტული მიმდინარეობის მოტივები.
შემოქმედებითი განვითარებისათვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო მის მიერ შვეიცარიაში გატარებული წლები. აქ ლეო ქიაჩელს საშუალება ეძლევა საფუძვლიანად გაეცნოს იმდროინდელ ევროპულ ლიტერატურას. სწორედ შვეიცარიაში ცხოვრებისას ქმნის მწერალი თავის პირველ რეალისტურ რომანს „ტარიელ გოლუა“, რომელიც გაზეთ „სახალხო ფურცელში“ 1916 წელს იბეჭდება. 1922 წელს იბეჭდება მოთხრობა „ისკანდერი“, 1923 წელს – „მე და ჩემი ორი მე“ 1925 წელს გამოდის „ალმასგირ კუბულან“. 1927 წელს – „თავადის ქალი მაია“. 1933 წელს – „ჰაკი აძბა“ და „დახურული წარმოდგენა“, ხოლო 1936-1937 წლებში იბეჭდება „გვადი ბიგვა“, რომელიც 1941 წელს სახელმწიფო პრემიით ჯილდოვდება. 1948 წელს გამოდის მწერლის უკანასკნელი რომანი „მთის კაცი“, რომელიც მეორე მსოფლიო ომის თემატიკაზეა.
მწერლის თხზულებანი თარგმნილია მრავალ უცხო ენაზე.
ლეო ქიაჩელი გარდაიცვალა 1963 წლის 25 დეკემბერს, ხოლო 29 დეკემბერს დაკრძალეს მთაწმინდაზე.
1966 წლის 27 ნოემბერს მწერლის საფლავზე დაიდგა მოქანდაკე გ. ოჩიაურისა და არქიტექტორ თ. მიქაშავიძის მიერ ორიგინალურად გადაწყვეტილი ლ. ქიაჩელის ძეგლი.