„ფორმის ანატომია“ – მარინა ივანიშვილის გამოფენა გაიხსნება

21 თებერვალს, 19:00 საათზე, საქართველოს ხელოვნების სასახლეში ქართველი მოქანდაკის, მხატვრისა და ხატმწერის – მარინა ივანიშვილის გამოფენა  „ფორმის ანატომია“ გაიმართება.
„1976 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ქანდაკების ფაკულტეტი. 1976-1977 წლებში იყო მცხეთის არქეოლოგიური ექსპედიციის მხატვარი. 1987-1988 წლებში – საქართველოს მხატვართა კავშირის ქანდაკების სექციის მდივანი. 1986-1989 წლებში – მხატვრის სახლთან არსებული ქანდაკების ბავშვთა ექსპედიციის სტუდიის ხელმძღვანელი. 2001 წლიდან – „On-line სტუდიო“-ს ელექტრონული კატალოგის „Art.ge“ კონსულტანტი ხელოვნების დარგში.
მონაწილეობდა საქართველოსა და საზღვარგარეთ გამართულ 150-მდე გამოფენაში, მათ შორის დიდგორის მემორიალის კონკურსში. გამართა პერსონალური გამოფენები: ქალთა კულტურის ცენტრში (ჰამბურგი, 1991), ეროვნულ საჯარო ბიბლიოთეკაში (თბილისი, 1997).
მრავალი სტატიისა და რომანების: „კილერის რვეული“ (1998) და „თეთრი სივრცე“ (2000) ავტორია. თანამშრომლობდა ჟურნალ „ომეგასთან“. მისი სცენარის მიხედვით 1985 წელს გადაიღეს ფილმი „მოლოდინი“. მისი ნამუშევრები დაცულია საქართველოსა და სსრკ კულტურის ფონდებსა და კერძო კოლექციებში.
მარინა ივანიშვილი მონუმენტალისტია. ნახატში, ფერწერაში, რაც მთავარია – ქანდაკებაში. ძირითადად მცირე ზომის დაზგური ქანდაკებები აქვს. მისი შემოქმედება საერთაშორისო რანგის მოვლენაა, რაშიც ექსპოზიციაში წარმოდგენილი ნამუშევრები დაგარწმუნებთ“, – აღნიშნულია ხელოვნების სასახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები