აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი: რაც მე მაწუხებს ევროპის მიმართ, არის საფრთხე, რომელიც თავად ევროპაშია
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ევროპის წინაშე არსებული ყველაზე დიდი საფრთხე არა რუსეთი ან ჩინეთი, არამედ შიდა გამოწვევებია.
„საფრთხე, რომელიც ყველაზე მეტად მაწუხებს ევროპის მიმართ, არ არის რუსეთი, არც ჩინეთი და არც სხვა გარე აქტორები. რაც მე მაწუხებს არის საფრთხე შიგნიდან, ევროპის უკან დახევა მისი ზოგიერთი ფუნდამენტური ღირებულებებისგან“, – აღნიშნა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.
მან მაგალითად მოიყვანა რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება გასული წლის საპრეზიდენტო არჩევნების ბათილად ცნობის შესახებ.
„ყოფილი ევროკომისარი ტელევიზიით გამოვიდა და აღფრთოვანებული ჩანდა, რომ რუმინეთის მთავრობამ გააუქმა არჩევნები. მან გააფრთხილა, რომ თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით არ წავა, იგივე შეიძლება მოხდეს გერმანიაშიც. ახლა ეს განცხადებები შოკის მომგვრელია ამერიკელებისთვის. წლების განმავლობაში გვეუბნებოდნენ, რომ ყველაფერი, რასაც ვაფინანსებთ და მხარს ვუჭერთ, არის ჩვენი საერთო დემოკრატიული ღირებულებების სახელით“, – განაცხადა ჯეი დი ვენსმა.