Starring Georgia გურიის მეწარმეობის მხარდასაჭერად

„გურია მთავარ როლში” – ასე ჰქვია Starring Georgia-ს ახალ კამპანიას, რომელიც გურიის რეგიონის მეწარმეების მხარდასაჭერად ხორციელდება.

მის ფარგლებში კი ასობით ადგილობრივი მეწარმის გადამზადება იგეგმება. პროექტი Starring Georgia-ს მიერ არის ინიციირებული და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით ხორციელდება.

პროექტი მიზნად ისახავს ადგილობრივებისთვის ახალი შესაძლებლობების გაჩენას, რაც გულისხმობს უკვე არსებული ბიზნესების განვითარებას და ახალი პროდუქტების შექმნის წახალისებას.

„აქამდე ვიცოდით, თუ რამდენად დიდი ეფექტი აქვს შეკვეთილში 10 000 ადამიანის ერთ კონცერტზე ჩამოსვლას, მაგრამ ახლა ჩვენმა გამოცდილებამ და რეგიონის სწრაფად მზარდმა პოტენციალმა გვაჩვენა, რომ მეტიც შეგვიძლია. შესაბამისად, 30 მაისს Guns N’ Roses კონცერტს შეკვეთილში, ამჯერად ციცინათელას პარკში ვუმასპინძლებთ. ღონისძიებას რამდენიმე ათეული ათასი მელომანი დაესწრება, რაც ცხადია დიდი გამოწვევაა გურიის რეგიონისთვის. სწორედ ამ მიზანს ემსახურება წამოწყებული კამპანია, რომლის ფარგლებშიც გვსურს გურიაში მცხოვრები მცირე მეწარმეები გადავამზადოთ” – ციცი იაშვილი, Starring Georgia-ს პროექტის ხელმძღვანელი.

პირველი ტრენინგი – „საოჯახო სასტუმროების მართვა”, 14 თებერვალს, ოზურგეთში გაიმართება. 6 საათიანი ტრენინგის განმავლობაში დამსწრეები მიიღებენ ინფორმაციას, როგორ წარადგინონ თავიანთი სასტუმრო უკეთ სხვადასხვა პლატფორმებზე და ამ გზით მეტი ვიზიტორი მოიზიდონ.

აღნიშნული ტრენინგი 15 და 16 თებერვალს ჩოხატაურსა და ლანჩხუთშიც ჩატარდება. ეს პირველი ტრენინგია, რომელიც Starring Georgia-ს ინიციატივით და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით ჩატარდება, ეტაპობრივად კი სხვა ტრენინგებიც დაემატება.

ყველა ტრენინგი ერთდღიანია და მისი გავლის შემდეგ ყველა დამსწრეს საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისგან სერტიფიკატი გადაეცემა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები