“მადრიდში გამართულ გასტროკონგრესზე სტუმრები მოდიოდნენ და მეუბნებოდნენ, ამხელა გამოფენაზე გუდის ყველი საუკეთესოა, რაც გავსინჯეთო”- ქეთი კვიჭიძე
„გასტრონომიული და რურალ ტურიზმის ასოციაციის“ დამფუძნებელი, ქეთი კვიჭიძე საერთაშორისო გასტროკონგრესზე, Madrid Fusión 2025-ზე საქართველოს მონაწილეობას აფასებს. როგორც კვიჭიძემ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, გასტროკონგრესზე ქართულმა პროდუქტებმა დიდი ინტერესი გამოიწვია.
“გასტრონომიული კონგრესი Madrid Fusión გასტრონომიის სფეროსთვის ძალიან მაღალი დონის კონგრესია. დასწრება საკმაოდ ძვირია და ამიტომ, ვისაც სარესტორნო სფერო აინტერესებს, ის ადამიანები სტუმრობენ, ასე ვთქვათ, მიზნობრიობა უფრო მაღალია. საქართველო უკვე მეორე წელია რაც მონაწილეობს. მე, პირადად, პირველი წელი ვესწრებოდი და ძალიან საინტერესო პროდუქტები წავიღე. წაღებული გვქონდა ღვინის სტენდი, გასტრონომიული პროდუქტები. კონგრესზე იყვნენ შეფები, რომლებმაც სხვადასხვა კერძი მოამზადეს და მულტიფუნქციურ სცენაზე გამოსვლა გვქონდა, სადაც ქართული პეიზაჟები წარმოვადგინეთ – ასე ერქვა ჩვენს გამოსვლას. დიდ გობზე სხვადასხვა ფხალეული წარმოვადგინეთ და ასე ვთქვათ, ქართული პეიზაჟი დავხატეთ, რაზეც შეფმა დადუნა ღლონტმა ირაკლი თოდაძესთან ერთად იმუშავა. ქართული პეიზაჟები წარადგინეს შეფმა გურამ ბაღდოშვილმა და დავით ნარიმანიშვილმა. ამან ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა, რადგან მთავარი თემა ზუსტად მდგრადი გასტრონომია იყო, ის რაც ახლა ძალიან ტრენდულია. ზოგადად, რისკენაც მთელი მსოფლიო გასტრონომია მიისწრაფვის, ეს არის მდგრადობა და ნატურალური პროდუქტები. ასეთი პროდუქტები საქართველოში შეგიძლიათ, ნებისმიერ ტყეშიც და მინდორშიც მოიპოვოთ. თემა ზუსტად ეს გვქონდა და ძალიან საინტერესო იყო. საინტერესო იყო ჩვენ მიერ შერჩეული ქართული პროდუქტები. ესენი გახლდათ: წიპწის ზეთი, ღვინის მარილი, სხვადასხვა საწებლები, აჯიკები. ამ ყველაფერმა დიდი ინტერესი გამოიწვია, იმიტომ რომ მათთვის უცხო იყო. ასევე დიდი ინტერესი გამოიწვია ქართულმა გრძელმა თხილმა, რომელიც, თითქოს, ჩვენთვის ჩვეულებრივია, მოდიოდნენ და გვეკითხებოდნენ, თუ რა იყო ეს. ამაზე რატომ ვამახვილებ ყურადღებას: ის, რაც ჩვენი ყოველდღიურობაა, შეიძლება, მათთვის ძალიან უცხო იყოს და ზუსტად სარესტორნო ბიზნესი, გასტრონომია ამით არის საინტერესო და მნიშვნელოვანი, რომ სულ უცხო და ახალ პროდუქტს ეძებს. ჩვენ შესაძლებლობა გვაქვს, რომ მათ ზუსტად ეს სიახლე შევთავაზოთ, რაც მათთვის ჩვეულებრივი არ არის.
ასევე ძალიან საინტერესო იყო ყველი, რომელიც ჩვენ წავიღეთ. ეს იყო სვანური ნარჩვი, რამაც დიდი ინტერესი გამოიწვია. ეს საქართველოსთვისაც უცხოა, ბევრმა არც იცის და არც გაუსინჯავს, წარმოებაც ნაკლებია და ამიტომ მათთვის ეს პროდუქტი ძალიან საინტერესო იყო. გუდის ყველზე გავამახვილებდი ყურადღებას – სტუმრები მოდიოდნენ, რომლებიც მეუბნებოდნენ, ამხელა გამოფენაზე საუკეთესო ყველია, რაც გავსინჯეთო. რა თქმა უნდა, ეს ჩვენთვის ძალიან საამაყოა და თან საინტერესო იმ მხრივ, თუ როგორ შეიძლება, სხვადასხვა ბაზარზე შეხვიდე. გუდის ყველს რაც შეეხება – როგორც ვიცი, ამერიკასა და კანადაში იყიდება, იქ პრობლემა არ გვაქვს. ზოგადად, ევროპულ ბაზრებზე ყველის და რძის პროდუქტების გაყიდვის პრობლემა გვაქვს. ჩვენ ვნახეთ, რომ იქ მოთხოვნა ნამდვილად არის”- განაცხადა კვიჭიძემ.
მისი თქმით, საქართველოში გასტროტურიზმის განვითარებას დიდი პოტენციალი აქვს.
“საქართველოში პოტენციალი, როგორც აღვნიშნე, ძალიან დიდია, მოთხოვნადია, მზარდია. ნელ-ნელა მსოფლიოს ვაცნობთ. ჩვენი გასტროპროდუქტები ძალიან კარგად იხდენს ღვინოს და ეს ჩვენ ასე ვთქვათ, ისტორიულად მოგვსდევს. ქართული სუფრა ღვინის გარეშე წარმოუდგენელია. სადილს, რომელიც საკმაოდ მსუყეა, როდესაც ატან ღვინოს, ეს მას ანეიტრალებს. ძალიან მნიშვნელოვანია, ღვინო ასე ვთქვათ, დავაწყვილოთ [კერძთან] და მსოფლიო ბაზარზე ერთად გავიტანოთ. პრინციპში, ასე თვითდინებით მოხდა. თითქმის ყველა მარანმა დღესდღეობით უკვე სადილების შეთავაზება დაიწყო და ფაქტობრივად, ერთიანი პაკეტებით იყიდება. შარშან დავინახეთ, რომ ამაზე მოთხოვნა ძალიან დიდი იყო და ვფიქრობ, რომ წელსაც უფრო და უფრო განვითარდება”- განაცხადა კვიჭიძემ.
მანვე განმარტა, ძირითადად, რომელი ქართული კერძები მოსწონთ უცხოელ ტურისტებს.
“ხინკალი – მათთვის მისაღები პროდუქტია და ძალიან უყვართ. ვინც ჩამოდის, პირველ ადგილზე ხინკალს აყენებს. ასევე ფხალეული თავისი ნიგვზიანი ბადრიჯნით. ზოგადად, ფხალეულზე ძალიან დიდი მოთხოვნაა და ძალიან მოსწონთ”- განაცხადა კვიჭიძემ.
თამუნა შეყილაძე