2025 წელს თბილისის საარქივო ფილმების საერთაშორისო ფესტივალი მეოთხედ გაიმართება
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივი თბილისის საარქივო ფილმების IV საერთაშორისო ფესტივალს 2025 წლის 21-24 ოქტომბერს უმასპინძლებს. ფესტივალის წლევანდელი თემა „საავტორო კინო“ იქნება. ინფორმაციას ეროვნული არქივი ავრცელებს.
ფესტივალის სტუმრები ეროვნული არქივის კინოდარბაზში საქართველოსა და უცხო ქვეყნების საარქივო, სამუზეუმო თუ სხვა დაწესებულებებში დაცულ კინომემკვიდრეობას ნახავენ.
2025 წლის კინოფესტივალის ფარგლებში ასევე გაიმართება პანელური დისკუსია თემაზე: კინომემკვიდრეობის დიგიტალიზაცია და რესტავრაცია, ხელმისაწვდომობა და გავრცელება. დისკუსიაში ჩართვა ფესტივალის მონაწილე ქვეყნების კინოინსტიტუციების წარმომადგენლებს შეეძლებათ.
თბილისის საარქივო ფილმების საერთაშორისო ფესტივალში მონაწილეობის მსურველებმა განაცხადი და წარსადგენ ფილმთან დაკავშირებული მასალა უნდა გამოაგზავნონ 2025 წლის 1 სექტემბრამდე ელექტრონული ფოსტის მისამართზე: TIAFF@archives.gov.ge.