ილონ მასკის მიერ მხარდაჭერილმა, გერმანულმა პარტიამ AfD ევროპარლამენტში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი რეზოლუცია დაარეგისტრირა
პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD), რომელსაც ილონ მასკი უჭერს მხარს, ევროპარლამენტში არსებულმა პოლიტიკურმა ჯგუფმა „სუვერენული ერების ევროპა“ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი რეზოლუციის პროექტი დაარეგისტრირა.
რეზოლუციის ტექსტის თანახმად, საქართველო საერთაშორისო სამართლის მიხედვით სუვერენული სახელმწიფოა, რომელსაც სრული უფლება აქვს თავად განსაზღვროს თავისი პოლიტიკური სისტემა, ჩაატაროს არჩევნები და მართოს საკუთარი თავი უცხო სუბიექტების ან საერთაშორისო ორგანიზაციების ჩარევის გარეშე.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 2024 წლის 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნები ეროვნულ და საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან შესაბამისობაში ჩატარდა, ხოლო ქართველმა ხალხმა გააკეთა მკაფიო და დემოკრატიული არჩევანი.
საქართველოს ახალი მთავრობა ევროპული ინტეგრაციის მომხრედ რჩება, აგრძელებს ევროპულ მისწრაფებას და ამასთან ერთად ეროვნული სუვერენიტეტისა და დემოკრატიული პროცესების პატივისცემას უზრუნველყოფს.
რეზოლუციის პროექტის ავტორები ევროკავშირს საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევაში ადანაშაულებენ და აღნიშნავენ, რომ მათი უარი, აღიარონ ქართული არჩევნების ლეგიტიმურობა და ოპოზიციური პარტიების მხარდაჭერა რისკის ქვეშ აყენებს ევროკავშირის ავტორიტეტსა და ნდობას რეგიონში.
ტექსტის თანახმად, ევროკავშირის მხრიდან განხორციელებული ზეწოლა საქართველოზე, სანქციების მუქარისა და ფინანსური დახმარების პოტენციური შეჩერების ჩათვლით, არის გაუმართლებელი სადამსჯელო მიდგომა, რომელიც საკვანძო სტრატეგიულ პარტნიორს აშორებს.
რეზოლუციის პროექტის ავტორები წუხილს გამოთქვამენ იმის გამო, რომ ევროკავშირი უარს აცხადებს საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურად აღიარებაზე და აგრძელებს საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევას.
დოკუმენტის მიხედვით, ევროპარლამენტი ადასტურებს, რომ პოლიტიკური ხელმძღვანელობის არჩევა საქართველოში არის მხოლოდ ქართველი ხალხის საქმე.
ცნობისთვის, დღეს ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ რეზოლუციას უყრიან კენჭს.