ირაკლი ზარქუა – ლაშა გაბიტაშვილზე – ეს ადამიანი პროვოკაციული ქმედებებით გამოირჩევა – შეიძლება იყო მისი მეზობელი, ყოფილი მეგობარი, ვისაც მან შეურაცხყოფა მიაყენა

„ეს ადამიანი პროვოკაციული ქმედებებით გამოირჩევა – შეიძლება იყო მისი მეზობელი, ყოფილი მეგობარი, ვისაც მან შეურაცხყოფა მიაყენა! თუ ვინმეს ეჭვი ჩემზე აქვს, მე ასე არ მჩვევია!“ – ასე ეხმაურება მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილთან დაკავშირებულ ინციდენტს „ქართული ოცნების“ დეპუტატი ირაკლი ზარქუა.

ზარქუას თქმით, მომხდარს გამოძიება დაადგენს, ხოლო თუ გაბიტაშვილი მას ახსენებს, მივა და ჩვენებას მისცემს.

„მომხდარი ინციდენტის თაობაზე მეც დილით გავიგე. უნდა ითქვას, რომ ძალადობა კატეგორიულად მიუღებელია! რაც შეეხება ამ პიროვნებას, თუ ვინმეს ეჭვი ჩემზე აქვს, მე ასე არ მჩვევია. როცა დააშავა და არასწორად მოიქცა, ღიად, საჯაროდ, კამერებთან, იქ სადაც უამრავი ადამიანი იყო, არ მომრიდებია პასუხი გამეცა. როცა ოჯახის წევრებისა და ახლობლების შეურაცხყოფაა, მომავალშიც ასე ვიზამ.

ამის შემდეგ ერთმანეთთან ვისაუბრეთ. მან დააფიქსირა პოზიცია რა, როგორ და რასთან დაკავშირებით ჰქონდა. მე გაგებით მოვეკიდე და მგონია, რომ არც ერთმა ახალგაზრდამ ამ უსამშობლოების სექტას თავი არ უნდა გამოაყენებინოს. თემა ამით დამთავრდა. ასე რომ, საცოდაობაა გარკვეული ჯგუფების მცდელობა, რომ ამ თემით გარკვეული ქულები დაიწერონ.

თუ რამე ეჭვია, აგერ არის პოლიცია და ჩივილი არ გაუჭირდება. თუ დამიბარებენ იგივე ჩვენებას მივცემ, რა ჩვენებაც აბუ-დაბიში მივეცი, როცა გამოძიება მიმდინარეობდა.

მოვუწოდებ ოპოზიციას ამ თემით სპეკულაციას თავი დაანებონ და თავის გაჭირვებულ თავს მიხედონ, მიტინგებზე დაცვის გარეშე რომ ვერ დადიან და ამ ახალგაზრდებს იყენებენ“, – განაცხადა ზარქუამ.

ცნობისთვის, ვიდეო მიმართვაში გაბიტაშვილი ამბობს, რომ ნიღბიანი პირები თავს მაშინ დაესხნენ, როცა სახლთან ძაღლს ასეირნებდა. გაბიტაშვილს სახეზე მიყენებული დაზიანებები ეტყობა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები