Bloomberg: ევროპაში გაზზე ფასმა ორწლიან მაქსიმუმს მიაღწია
ევროპაში 1 მეგავატ-საათი გაზის ფასი 58,75 ევროს შეადგენს, რაც 4,1%-ით აღემატება ორი წლის წინანდელ მაჩვენებელს,- ინფორმაციას სააგენტო Bloomberg-ი ავრცელებს.
როგორც სააგენტო იუწყება, აღნიშნული მაჩვენებელი ყველაზე მაღალია, რაც კი ევროპაში 2023 წლის თებერვლიდან დაფიქსირებულა.
Bloomberg-ი წერს, რომ ჩრდილო-დასავლეთ ევროპის ქვეყნები უახლოეს დღეებში ყინვებისთვის ემზადებიან, რამაც, შესაძლოა, გაზზე ფასის ზრდას შეუწყოს ხელი.
გაზის მოხმარების მაღალმა მაჩვენებელმა მიწისქვეშა საცავებში ისედაც მწირი მარაგების კლება გამოიწვია. დღეს, როგორც სააგენტო წერს, ევროპის გაზის საცავები 49% არის შევსებული, ხოლო 2024 წლის თებერვალში ეს მაჩვენებელი 67% აღწევდა.
ორგანიზაცია Global Risk Managment-ის ანალიტიკოსი არნე ლომან რასმუსენი აცხადებს, რომ გაზაფხულისთვის ევროკავშირის გაზის მარაგები „ძალიან დაბალ დონეზე აღმოჩნდება“.
როგორც Bloomberg-ი აღნიშნავს, ბაზრის მონაწილეები აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მოქმედებებსაც აკვირდებიან, ვინაიდან მან ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ფოლადისა და ალუმინის იმპორტზე 25-პროცენტიანი ტარიფების შემოღებას გეგმავს.
თუ ევროკავშირი სარკისებურად უპასუხებს ტრამპს, ეს თხევად ბუნებრივ აირზე, რომლის ერთ-ერთ მთავარ მიმწოდებლად ამერიკა ითვლება, ფასს გაზრდის.