შალვა პაპუაშვილი: შემოედინება ფული დონორის საშუალებით და ხდება საზოგადოებისთვის უცხო იდეების შემოტანა NGO-ების მეშვეობით და წარმოჩენა თითქოს ეს არის საზოგადოების ინტერესი
“შემოედინება ფული სხვადასხვა დონორის მეშვეობით და ხდება საზოგადოებისთვის უცხო იდეების შემოტანა „ენჯეოების“ თუ პარტიების მეშვეობით და წარმოჩენა თითქოს ეს არის საზოგადოების ინტერესი. მერე მოდიან ელჩები და გეუბნებიან ეს თქვენი ხალხის ინტერესი არის”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, რამდენიმე წელია ელჩების საქმიანობა კლასიკურ დიპლომატიას გასცდა.
„ბოლო რამდენიმე წელია, უცხოური დახმარების სტრუქტურებმა ჩაანაცვლეს დიპლომატია. თუ კი კლასიკურად ქვეყნებს შორის ურთიერთობა ხდებოდა დიპლომატიური არხებით, ელჩებით, ხელისუფლების შეხვედრებით, სადაც ინტერესების თანხვედრის მცდელობები არის, მათ შორის ბატონი რუბიო საუბრობს, რომ მათი მიდგომა იქნება ის, რომ ყველა ქვეყანას საკუთარი ინტერესი და იქ სადაც ემთხვევა ინტერესები იქ ყალიბდება ალიანსები და იქ სადაც არ ემთხვევა დიპლომატიის ამოცანაა, რომ კონფლიქტები არ წარმოიშვას. ეს არის კლასიკური დიპლომატია. ეს დიპლომატია ჩანაცვლდა საგარეო დახმარების სტრუქტურებით. შემოედინება ფული სხვადასხვა დონორის მეშვეობით და ამ შემთხვევაში USAID იქნა მხილებული აშშ-ს ხელისუფლების მხრიდან, შემოდის ფული, რომლითაც შეკვეთით იქმნება არასამთავრობო ორგანიზაციები ამა თუ იმ ქვეყანაში და ხდება საზოგადოებისთვის უცხო იდეების შემოტანა და ჩანერგვა და იმპლანტირება „ენჯეოების“ თუ პარტიების მეშვეობით და წარმოჩენა თითქოს ეს არის იმ საზოგადოების ინტერესი. მაგალითისთვის ლგბტ პროპაგანდა, რომელზეც ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია. ქმნიან თემას არაფრისგან, მერე მოდიან [ელჩები] და გეუბნებიან, ეს თქვენი ხალხის ინტერესი არის და მე არაფერ შუაში არ ვარ. ეს პრაქტიკაში ასე ხდებოდა. ჩემთან კაბინეტში სხვადასხვა ქვეყნის ელჩი მელაპარაკებოდა მე ქართველი ხალხის ინტერესებზე და ქართველი ხალხის სახელით. ამ დონეზე მივიდა სამწუხაროდ ჩარევა შიდა პოლიტიკაში, როდესაც თავად დონორები ქმნიან თემას არაფრისგან და შემდეგ მოდიან ხელისუფლებასთან და გეუბნებიან ეს თქვენი ხალხის ინტერესებიდან არის გამომდინარე და მე არაფერ შუაში არ ვარ. ეს იყო მეთოდები, რომლითაც მოქმედებდნენ სამწუხაროდ ბოლო წლები განსაკუთრებით ელჩები, ნაცვლად დიპლომატიისა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.