“ახლა ხომ გასაგებია, რატომაც არ ასაჯაროებენ თავიანთ ფინანსებს, ახლა ხომ გასაგებია, აშშ-ის ყოფილმა ელჩმა პირველმა რატომ უწოდა იმ კანონს რუსული კანონი, ხომ გამოჩნდა, რატომ ააჯანყეს დონორებმა თავისი ენჯეოები ამ კანონის და რეესტრის წინააღმდეგ, რომ დაეფარათ ის, რაც აშშ-ის ახალმა ადმინისტრაციამ ამხილა”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ინფორმაციას, რომ ამერიკის კონგრესმა შესაძლოა, USAID-ი საერთოდ გააუქმოს.
„წარმოგიდგენიათ, რა დონის კორუფცია, მავნებლობა, გაფლანგვა და ა.შ. გამოვლინდა სრულ რამდენიმე დღეში და ამ ყველაფრის გამჟღავნება არავის უნდოდა, რომ საქართველოშიც გვენახა, თუ რა სქემებთან გვქონდა საქმე. ერთი მხრივ გაეცა პასუხი კითხვას, რატომ ააჯანყეს დონორებმა ენჯეოები და რატომ არ სურთ დონორებს რომ გაასაჯაროონ თავიანთი ფინანსები. სხვა დონორებიც ამ ფაქტებიდან გამომდინარე ავტომატურად არიან ეჭვმიტანილი და ამიტომ მტკიცების ტვირთი ახლა მათ მხარესაა – უმტკიცონ ქართველ ხალხს, რომ იგივე მავნე მიზნებისთვის არ იხარჯებოდა ფული, რასაც ახლა ჩვენ ვხედავთ აშშ-ის ადმინისტრაციის განცხადებაში.
ამ მხილებამაც აჩვენა, – სხვა დროს მითქვამს, რომ ენჯეო სექტორი კრიზისშია. მიზეზი მარტივია- ჩვენი ენჯეო სექტორი სინამდვილეში არანაირი სამოქალაქო საზოგადოება არ არის. ისინი არიან კონტრაქტორი ორგანიზაციები, რომლებიც ბაზარზე ეძებენ დონორს იმისთვის, რომ მიიღონ შემოსავალი, ისინი დამოკიდებულები არიან თავის დამფინანსებელზე და ატარებენ იმ დღის წესრიგს, რასაც დამფინანსებელი ეტყვის. არაფერ შუაში არ არის აქ ქართველი ხალხი, ხალხის ინტერესი სამოქალაქო საზოგადოება. აბსოლუტურად მოწყვეტილი, ოფისში ჩაკეტილი რამდენიმე ასეული ადამიანია, რომელთაც არავითარი კავშირი არ აქვთ საზოგადოებასთან. მათი ინტერესია, რომ ის ბიზნეს კონცეფცია, რომელიც აწყობილი იყო საქართველოში ენჯეო გრანტების სახით, თვალწინ ეშლებათ და ეს ხდება თავად დონორის ხელით. როდესაც გამჭვირვალობის კანონს ვიღებდით და ებრძოდნენ ამ კანონს, გახსოვთ მაშინ ენჯეოები ამბობდნენ, რომ ეს მათ დახურვას გამოიწვევდა და ა.შ. მიუხედავად იმისა, რომ ეს კანონი ერთადერთს – გამჭვირვალობას ითხოვდა. ახლა როცა მათი დონორი მათ მართლა ხურავს, სად არის მათი პროტესტი, განცხადებები? – არსად. თუ ასეთი კარგი საქმეები კეთდებოდა ამა თუ იმ ქვეყანაში, ამ გრანტებით, რატომ არ გამოჩნდა ერთი ბენეფიციარი, ერთი ხელისუფლება ამ პლანეტაზე, რომელიც იტყოდა, რატომ აკეთებს ამას აშშ, იქნებ დარჩეს USAID, პროექტები, რატომ არავის წყდება გული? რომელიმე ხელისუფლების გულდაწყვეტილი განცხადება გინახავთ, დასანანია, რომ ეს დაფინანსება წყდებაო? სად არიან ბენეფიციარები, ორგანიზაციები, თავად ენჯეოებიც კი არ ჩივიან“, – განაცხადა პაპუაშვილმა.