ტურიზმის დეპარტამენტმა აშშ-ში საერთაშორისო ღონისძიებებში მიიღო მონაწილეობა
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა, ქვეყნისა და რეგიონის პოზიციონირების მიზნით, აშშ-ში საერთაშორისო ღონისძიებებში მიიღო მონაწილეობა.
მათი ინფორმაციით, ნიუ იორკის ტურისტულ გამოფენასა „Adventure and Travel Show” და საერთაშორისო ღონისძიებაზე „IMM NORTH AMERICA 2025“ დეპარტამენტი ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასა და სხვა ქართულ კომპანიებთან ერთად იყო წარმოდგენილი.
“ღონისძიებების ფარგლებში, დეპარტამენტის მენეჯმენტმა 40-მდე მნიშვნელოვანი შეხვედრა გამართა რეიტინგული მედია საშუალებების, ტურისტული კომპანიების, ასოციაციების, სარეკლამო და ივენთ კომპანიების წარმომადგენლებთან და ბლოგერებთან.
International Media Marketplace წამყვანი გლობალური ქსელური ღონისძიებაა, რომელიც ტურისტულ ინდუსტრიას გავლენიან და ცნობილ რედაქტორებთან, ჟურნალისტებთან, მაუწყებლებთან და ბლოგერებთან აკავშირებს. ღონისძიების მსვლელობისას დეპარტმენტის მენეჯმენტმა 25-ზე მეტ სამოგზაურო ბლოგერთან და ჟურნალისტთან საუბრისას, აჭარის და ზოგადად, საქართველოს პოზიციონირების გზები, მედიატურებისა და ინფოტრების ორგანიზების შესაძლებლობები განიხილა. ნიუ იორკის ტურისტულ გამოფენაზე “Adventure and Travel Show” კი წელს მთელი მსოფლიოდან 550-ზე მეტი ტურისტული მიმართულება, კომპანია, საკრუიზო ხაზი და ტურისტული პროვაიდერი მონაწილეობდა. გამოფენაზე საქართველოს წელს მეორედ იყო წარმოდგენილი”, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.