მაკა ბოჭორიშვილი: ძალიან დიდი ინტერესია საქართველოსთან დაკავშირებით სპარსეთის ქვეყნებშიც, არის ინტერესი აზიის ქვეყნების მხრიდან, რათა ის პოტენციალი, რაც არსებობს იქ, სწორედ საქართველოს გავლით გლობალურ ბაზარზე მოხვდეს
„ძალიან დიდი ინტერესია საქართველოსთან დაკავშირებით სპარსეთის ქვეყნებშიც, არის ინტერესი აზიის ქვეყნების მხრიდან, რათა ის პოტენციალი, რაც არსებობს იქ, სწორედ საქართველოს გავლით გლობალურ ბაზარზე ხვდებოდეს. ეს არის ჩვენთვის ძალიან დიდი სარგებლის მომტანი,“ – ამის შესახებ „დღის ქრონიკაში“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოს შუა დერეფნის ფუნქციის როლზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, სამთავრობო პროგრამა მოიცავს იმასაც, რომ საქართველომ უნდა გააძლიეროს პოზიციონირება შუა დერეფანში და შეასრულოს ის როლი, რომელსაც საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა ამის შესაძლებლობას გვაძლევს.
ბოჭორიშვილმა აღნიშნა, რომ საჭიროა დასავლეთითაც და აღმოსავლეთითაც პარტნიორებთან დიალოგი და ამ თანამშრომლობაში აქცენტი უნდა გააკეთონ სწორედ შუა დერეფნის ფუნქციონირებაზე და მის მაქსიმალურად კარგად გამოყენებაზე.
ბოჭორიშვილის განცხადებით, აღნიშნული მიზნით, სამთავრობო დელეგაცია იმყოფებოდა მეზობელ ქვეყნებში.
„პირველ რიგში, მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობები ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის – აზერბაიჯანთან, სომხეთთან, თურქეთთან ურთიერთობები და შემდგომ უფრო ფართოდ – რეგიონში.
კიდევ დაგეგმილია ვიზიტები ცენტრალური აზიის ქვეყნებში, ვინაიდან მათთან ურთიერთობისა და კავშირების გაძლიერების გარეშე საქართველოს ძალიან გაუჭირდება იმ ფუნქციის შესრულება, რაზედაც ჩვენ ვსაუბრობთ, როდესაც შუა დერეფნის განვითარებაზეა საუბარი. ამიტომ, ამ მიმართულებით მუშაობა გაგრძელდება. ეს არის რეალური საქმე, რამაც წვლილი უნდა შეიტანოს საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.