მაკა ბოჭორიშვილი: ძალიან სამწუხაროა, როდესაც ვხედავთ იმას, რომ თავად ევროკავშირი გახდა ინსტრუმენტი საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლის

„ევროკავშირთან ურთიერთობები ჩვენთვის, ჩვენმა საზოგადოებამ არა მხოლოდ იცის, ასე გავიზარდეთ და ასე ვარსებობთ, რომ ეს არის სივრცე, სადაც გვინდა, რომ ჩვენი ქვეყანა ვიხილოთ, რომლის ნაწილიც გვინდა, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს,“ – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

მისი თქმით, ეს არის მიზანი, სადაც გვინდა, რომ საქართველომ დაიდოს ბინა.

„ჩემთვის პირადად, განსაკუთრებით ადამიანისთვის, რომელიც, ფაქტობრივად ორი ათწლეული ამ საქმით ვიყავი და ვარ დაკავებული, რომ საქართველო მაქსიმალურად ახლოს ყოფილიყო ევროკავშირთან, მაქსიმალურად ყოფილიყო ინტეგრირებული სწორედ ამ სივრცესთან, ძალიან სამწუხაროა, როდესაც ვხედავთ იმას, რომ თავად ევროკავშირი გახდა ინსტრუმენტი საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლის. არ მოვერიდები, ამას ასე დავარქმევდი. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ევროკავშირზე, ჩვენთვის ეს არის იდეაც, ჩვენი ისტორიის გამოძახილიც, ჩვენი სურვილიც და კონსტიტუციური მიზანიც. ჩვენ ევროკავშირში წევრობას ვერაფრით შევხედავთ როგორც ინსტრუმენტს რაღაცისთვის. ეს არის ჩვენი მიზანი, სადაც გვინდა, რომ საქართველომ დაიდოს ბინა და იყოს ევროკავშირის ნაწილი და როდესაც ვხედავთ, რომ ეს პროცესი, რომელიც ჩვენთვის ამ მნიშვნელობის მქონე პროცესია, ასეთი მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის ევროპას, ევროკავშირს, როდესაც ვხედავთ სწორედ ამით ხდება მანიპულირება და ამით ხდება ბრძოლა საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ, ეს, რა თქმა უნდა, არის ძალიან ცუდი, ძალიან დამაზიანებელი და ძალიან სამწუხარო.

ეს უნდა გაჩერდეს. რაღაც დროს ეს უნდა შეჩერდეს და ჩვენ უნდა დავიწყოთ რეალურად საუბარი საერთო ინტერესებზე. თუკი ევროკავშირი გვეუბნება იმას, რომ ევროკავშირი გაფართოვდება და ევროკავშირის შემდგომი გაფართოება მოიცავს ბალკანეთის ქვეყნებთან ერთად უკრაინას, მოლდოვას და საქართველოს და ეს დაპირება ევროკავშირმა გასცა, მაშინ ჩვენ სერიოზულად უნდა ვისაუბროთ რა ტიპის ევროპაზე ვსაუბრობთ. თუკი ეს არის ჩვენი სახლი, ჩვენ უნდა ვისაუბროთ ამაზე, როგორი უნდა იყოს ევროპა მომავალში, როგორი უნდა იყოს საქართველო ევროკავშირში და რა უნდა იყოს ევროკავშირი საქართველოს ჩათვლით.

ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ეს უნდა ვთქვათ, რომ ჩვენ ამაზე დღეს არ ვსაუბრობთ, ჩვენ ამაზე საუბარი არ დაგვიწყია და ეს საუბარი არ დაგვიწყია არა საქართველოს გამო, არამედ, ეს საუბარი არ დაგვიწყია იმის გამო, რომ ეს გადაწყვეტილება თავად ევროკავშირმა არ მიიღო. არ დაგვიწყია მოლაპარაკებები, ჩვენ არ გვისაუბრია რეალურად რას ნიშნავს საქართველოს წევრობა ევროკავშირში.

სამწუხაროდ, ესეც უნდა ვთქვათ, განცხადებებით, საქართველო ევროკავშირის წევრი ვერ გახდება. ვერც ჩვენი განცხადებებით, ვერც ევროკავშირის ბიუროკრატიის განცხადებებით, ეს პროცესი ასე ვერ წავა. ამას სჭირდება ძალიან სერიოზული მსჯელობა, ჩვენი საზოგადოების ჩართულობა, ნამდვილი სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა და არა მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციების, რომლებიც ასევე ძალიან სამწუხაროდ, იქცნენ რაღაც ინსტრუმენტებად და პოლიტიკის განმახორციელებლად ჩვენს ქვეყანაში. მათ გარდა, ჩვენს ქვეყანაში არსებობს საზოგადოება, ნამდვილი სამოქალაქო საზოგადოება. საზოგადოება, რომელსაც აწუხებს ამ ქვეყნის მომავალი, რომელსაც სურს საქართველო იყოს ევროპული სახელმწიფო და რა თქმა უნდა, ისინი იმსახურებენ იმას, რომ რეალური დიალოგი სწორედ ამ საზოგადოებასთან გვქონდეს იმაზე, თუ რა პროცესები უნდა გაიაროს ჩვენმა ქვეყანამ სხვადასხვა მიმართულებით. ეს ხომ არ არის რაღაც ერთჯერადი აქტი, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი. ამან გავლენა უნდა მოახდინოს ჩვენი ცხოვრების ყველა სფეროზე, ყველა სექტორზე და ამას სჭირდება ძალიან ბევრი შრომა. ამიტომაც ვამბობთ ჩვენ, რომ ჩვენ ამას გავაგრძელებთ, ჩვენ გავაგრძელებთ ნაბიჯების გადადგმას იმისთვის, რომ საქართველო მოემზადოს ევროკავშირის წევრობისთვის, მაქსიმალურად იყოს მსგავსი ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისა, რომ მაშინ, როდესაც მოვა ის მომენტი და ევროკავშირის გაფართოება რეალურად დადგება დღის წესრიგში, ჩვენ ვიყოთ მზად იმისათვის, რომ დავიკავოთ ადგილი ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები