მაკა ბოჭორიშვილი: როგორღაც ამ შემთხვევაში კანონი დაცული იქნება რუსული იარლიყებისგან და ვერავინ იტყვის, რომ ამერიკული „ფარა“ არის რუსული და ვერავინ მოაწყობს დემონსტრაციას – „არა რუსულ კანონს!“, თუკი ჩვენ ვისაუბრებთ ამერიკულ მოდელზე

„თავად კანონის მიღების პროცესი იყო ძალიან რთული, პროცესი იყო როგორღაც ისე ორგანიზებული, რომ მასში ჩართული იყო სრულიად სამყარო საქართველოს წინააღმდეგ, მაგრამ ერთი რამ გამოჩნდა, რომ ეს სჭირდებოდა საქართველოს, ქართულ საზოგადოებას და ქვეყანაში სტაბილურობის შენარჩუნებას,“ – ამის შესახებ „დღის ქრონიკაში“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღების პროცესზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, პროცესი უნდა ყოფილიყო პარლამენტში, თუმცა გადატანილი იყო ქუჩაში და შემდეგ ქვეყნის გარედან ზეწოლით ხდებოდა დემოკრატიულ პროცესებზე ზეგავლენა.

„რა თქმა უნდა, ეს არის მიუღებელი. ჩვენ უნდა გვქონდეს შესაძლებლობა, ვიმსჯელოთ ყველა იმ საკითხზე, რაც ჩვენს საზოგადოებას სჭირდება. თუკი ჩვენი ქვეყნის განვითარებას სჭირდება კონკრეტული კანონების მიღება, რა თქმა უნდა, ეს არის პარლამენტის პრეროგატივა და პარლამენტს უნდა ჰქონდეს სრულიად შესაძლებლობა, რომ ჩვენი საზოგადოების ინტერესების შესაბამისად, ნებისმიერი კანონი იყოს განხილული.

ახლა უკვე „ფარაზეა“ საუბარი. თუკი გარკვეულ წრეებს უყვართ პარალელების გავლება, იარლიყების მიკერება, როგორღაც ეს კანონი ამ შემთხვევაში დაცული იქნება რუსული იარლიყებისგან და ვერავინ იტყვის, რომ ამერიკული „ფარა“ არის რუსული და ვერავინ მოაწყობს დემონსტრაციას – „არა რუსულ კანონს!“, თუკი ჩვენ ვისაუბრებთ ამერიკულ მოდელზე და ამერიკულ კანონზე. თუმცა, კიდევ ერთხელ, ეს არის პარლამენტის პრეროგატივა. ამაზე უნდა იყოს მსჯელობა და სწორედ საქართველოსა და ქართული საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე უნდა იყოს კანონი მიღებული, რომელსაც პარლამენტი იმსჯელებს“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

ცნობისთვის, „ქართული ოცნება“ ინიციირებს კანონპროექტს, რომელიც იქნება ამერიკული „ფარას“ დღეს მოქმედი რედაქციის პირდაპირი ასლი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები