მაკა ბოჭორიშვილი: გამოწვევები ჯერ კიდევ ძალიან ბევრი რჩება, თუმცა, სათქმელი ვთქვით, რომ ჩვენ ვართ სახელმწიფო, ამ სახელმწიფოს აქვს საკუთარი ინტერესები და ჰყავს ხელისუფლება, რომელიც ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ინტერესები დაიცვას

„ალბათ უნდა ითქვას, რომ საკმაოდ რთული წელი იყო ეს ერთი წელი საქართველოსთვის. განსაკუთრებით, თუ ამას შევხედავთ საგარეო პოლიტიკური კუთხით, „ – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა. აღნიშნული განცხადებით მან უპასუხა კითხვას, „დღეს ზუსტად ერთი წელი შესრულდა, რაც ირაკლი კობახიძე არის პრემიერ-მინისტრი. მინდა შეაფასოთ საგარეო კუთხით რა გააკეთა სამთავრობო გუნდმა ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით?“

როგორც მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, ეს იყო რთული, მაგრამ სირთულესთან ერთად იყო ძალიან მნიშვნელოვანი წელი.

„საქართველომ ძალიან გარკვევით და ცხადად განაცხადა, რომ ჩვენ ვართ სახელმწიფო, საქართველო არის სუვერენული სახელმწიფო, მას აქვს ინტერესები და ყველაფერს გააკეთებს ხელისუფლება ამ ინტერესების დასაცავად, რაც არ უნდა იყო ამისი ფასი. სამწუხაროდ, გამოჩნდა, რომ საგარეო ასპარეზზე, განსაკუთრებით გამოიკვეთა, ძალიან ხშირად გახდა საქართველო თავდასხმის ობიექტი. ძალიან ხშირად იყო კრიტიკის ობიექტი. გამორჩეულად ხდებოდა საქართველოსთან ურთიერთობებზე ფოკუსირება და ამ პირობებში, როდესაც საქართველომ გაიარა ეს ყველაფერი ისე, რომ მოახერხა საქართველოს სუვერენიტეტის დაცვა, საქართველოს სახელმწიფოებრიობის დაცვა, ინსტიტუტების დაცვა, რაზედაც დგას სახელმწიფო, ეს არის, ვფიქრობ, ძალიან დიდი მიღწევა და ეს იყო ძალიან დიდი გამოწვევა ამ ერთი წლის განმავლობაში. განსაკუთრებით, იცით, ეს იყო საარჩევნო წელი, დიდი აქცენტები კეთდებოდა სწორედ არჩევნებთან დაკავშირებით. ისიც ცხადი იყო, რომ უნდა მომხდარიყო არჩევნების გამოყენება იმისათვის, რომ მოშლილიყო საქართველოში სახელმწიფოებრიობის საფუძვლები, მე ასე ვიტყოდი. ამაზე აქცენტები კეთდებოდა ბევრად უფრო ადრე, ვიდრე არჩევნებს მივუახლოვდებოდით და ეს ყველაფერი ხდებოდა საგარეო კუთხიდან თუ შევხედავთ, გამორჩეული საგარეო ზეწოლების თუ საერთაშორისო ზეწოლების ფონზე.

ვფიქრობ, რომ სწორედ ამ ერთი წლის განმავლობაში საქართველომ ძალიან კარგად მოახერხა გაევლო ეს პერიოდი. რა თქმა უნდა, გამოწვევები ჯერ კიდევ ძალიან ბევრი რჩება, თუმცა, უნდა ითქვას, რომ ჩვენ ჩვენი სათქმელი ვთქვით. ვთქვით, რომ ჩვენ ვართ სახელმწიფო, ამ სახელმწიფოს აქვს საკუთარი ინტერესები და ჰყავს ხელისუფლება, რომელიც ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ამ სახელმწიფოს ინტერესები დაიცვას. ეს არის, პირველ რიგში, მშვიდობა და სტაბილურობა, რაც სჭირდება ქვეყანას იმისთვის, რომ გააკეთოს ყველაფერი, რაც შემდგომ უკვე კეთილდღეობას უკავშირდება, უკავშირდება ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, უკავშირდება საგარეო პოლიტიკური მიზნების მიღწევას და ამ ყველაფერს ვერ მოახერხებს საქართველო, თუ არ იქნება, პირველ რიგში, დაცული ქვეყანაში მშვიდობა და შენარჩუნებული სტაბილურობა. სწორედ ამას აქვს ყველაზე დიდი გამოწვევები დღეს ჩვენს ქვეყანაში, სწორედ ამისთვის ვიბრძვით, რომ მაქსიმალურად მოხდეს სტაბილურობის შენარჩუნება, სახელმწიფო ინსტიტუტების სწორად ფუნქციონირება, გამართული ფუნქციონირება და შემდგომ უკვე იმაზე ფიქრი, რასაც ჰქვია ეკონომიკური განვითარება, სოციალური პირობების გაუმჯობესება, ჩვენი მოქალაქეებისთვის უკეთესი ცხოვრების შეთავაზება, რაც უპირობოდ არის ამ ხელისუფლების მთავარი ამოცანა“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები