არჩილ გორდულაძე: მოქმედი კანონმდებლობა იმ ადამიანების მოთოკვას ვერ უზრუნველყოფს, რომელთაც მშვიდობიან პროტესტთან საერთო არაფერი არ აქვთ – ვამკაცრებთ კანონმდებლობას
“მოქმედი კანონმდებლობა იმ ადამიანების ქსელის მოთოკვას ვერ უზრუნველყოფს, რომელთაც მშვიდობიან პროტესტთან საერთო არაფერი არ აქვთ. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, მათ შორის კანონებისა და ბერკეტების გამკაცრებით, რათა ვემსახუროთ სამშობლოს”,- ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა, არჩილ გორდულაძემ შეკრება-მანიფესტაციების წესებისა და მასთან ერთად, ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის გამკაცრებასთან დაკავშირებულ ინიციატივებზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, მშვიდობიანი პროტესტის ფარგლებში ფსევდოლიბერალური და ლიბერალური ფაშიზმით, რეალურად, თავისუფლების სახელით შეფარული მთელი რიგი ქმედებები ხორციელდება.
“ვამკაცრებთ კანონმდებლობას, რათა ქვეყნის უსაფრთხოების, სუვერენიტეტისა და ადამიანის უფლებების დაცვა უკეთ იყოს შესაძლებელი. მოქმედი კანონმდებლობა იმ ადამიანების ქსელის მოთოკვას ვერ უზრუნველყოფს, რომელთაც მშვიდობიან პროტესტთან საერთო არაფერი არ აქვთ. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, მათ შორის კანონებისა და ბერკეტების გამკაცრებით, რათა ვემსახუროთ სამშობლოს და არა ვიღაცისგან მიღებული დავალებების შესრულებას.
ყველასთვის ცნობილია, თუ რა მოვლენები ვითარდება ჩვენს ქუჩებში და რას აორგანიზებენ, ვინ აორგანიზებს. ერთი მხრივ, მშვიდობიანი პროტესტის ფარგლებში ფსევდოლიბერალური და ლიბერალური ფაშიზმით, რეალურად, თავისუფლების სახელით შეფარული მთელი რიგი ქმედებები ხორციელდება. ეს ე.წ. ბულინგშიც გამოიხატება. აღარ დარჩა ზღვარი და ის მოცემულობა, რომ არ დაერღვიათ მორალური სტანდარტი ადამიანებს. ყველაფერზე არიან წამსვლელები, არაფერს არ დაგიდევენ. ადამიანების შეურაცხყოფაზე ხომ უკან არ იხევენ, ეს ყველაფერი განსაკუთრებით მიმართულია ჩვენი სამართალდამცველების, სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის, საჯარო მოხელეებიც მიმართ. იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც არ ჰყვებიან ამ თითიდან გამოწოვილ, ცრუ კამპანიას. ადამიანები, რომლებიც სახელმწიფოებრივად აზროვნებენ, მხოლოდ და მხოლოდ კანონის შესაბამისად მოქმედებენ და არ ჰყვებიან ამ, ყველაფერს, არიან „ბულინგის“ მსხვერპლნი. მათ მიმართ პირდაპირი შეურაცხყოფა და ყოველგვარ ზღვარგადასული მოწოდებები მიმდინარეობს. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, გარკვეული ცვლილებები განხორციელდეს საკანონმდებლო პაკეტთან გათვალისწინებულ საკითხებთან დაკავშირებით“, – განაცხადა გორდულაძემ.