“მისასალმებელია, რომ ამერიკა აპირებს, გადახედოს ყველა ქვეყანაში საგარეო დაფინანსებას” – ლადო ბოჟაძე

“როგორც ჩანს, თავის დროზე, სწორედ NED-იც, USAID-იც იმიტომ იყვნენ დაინტერესებული, რომ ჩვენ არ მიგვეღო გამჭვირვალობის კანონი, რომ არ აღმოჩენილიყო ის ხარვეზები, რომელიც ახლა თავად ამერიკამ აღმოაჩინა,” – ამის შესახებ პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლადო ბოჟაძემ განაცხადა.

ბოჟაძე USAID-თან დაკავშირებით შტატების ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებებს გამოეხმაურა.

“USAID-ის დაფინანსება შეწყვეტილია 90 დღის განმავლობაში, მათ შორის, შეჩერებულია ყველა პროექტი ჩვენს ქვეყანაში. დიდი ალბათობით, მომავალში ბევრი პროექტი აღარც დაფინანსდება. ითქვა ისიც, რომ შეიძლება საერთოდ გაუქმდეს USAID იმ ფორმით, რა ფორმითაც არსებობს. ასევე, ერთ-ერთი მთავარი დამფინანსებელი რადიკალური ოპოზიციის, სამოქალაქო სექტორის, მათი მმართველი მედიების იყო NED-ი, რომელიც ღიად აფინანსებდა, სრულიად გაუმჭვირვალედ ამ პროცესებს. ასევე, ევროკავშირის დემოკრატიის ფონდი, რომელიც აფინანსებდა რადიკალურ ოპოზიციას და, რა თქმა უნდა, ეს შეფასებები არის სრულიად სამართლიანი. იმიტომ რომ ის პროექტები, რომელიც ფინანსდებოდა ერთის მხრივ, ყველას ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოში იყო შიდა საქმეებში ჩარევა და გაუმჭვირვალობას მოჰყვება ხოლმე კორუფცია და სხვა გაუგებრობები. როგორც ჩანს, თავის დროზე, სწორედ NED-იც, USAID-იც იმიტომ იყვნენ დაინტერესებული, რომ ჩვენ არ მიგვეღო გამჭვირვალობის კანონი, რომ არ აღმოჩენილიყო ის ხარვეზები, რომელიც ახლა თავად ამერიკამ აღმოაჩინა და, რა თქმა უნდა, ეს არის მისასალმებელი, რომ ამერიკა აპირებს გადახედოს ყველა ქვეყანაში საგარეო დაფინანსებას, რადგან, ერთის მხრივ, ის ეწინააღმდეგება ამერიკის ახალ საგარეო პოლიტიკას და, მეორეს მხრივ, ეს ბადებს გარკვეულ კორუფციულ ეჭვებს, რაზეც დარწმუნებული ვარ, რომ თუ გამოძიება დაიწყება, ძალიან ბევრი რამ გაირკვევა და აღმოჩნდება, რომ, მათ შორის, საქართველოშიც, სავარაუდოდ, სამოქალაქო სექტორისა და მედიის ნაწილი იყო ჩართული ამ კორუფციულ სქემებში,” – განაცხადა ლადო ბოჟაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები