გიორგი ვოლსკი სომხეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, აშოტ სმბატიანს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა ძირითადად, საქართველო-სომხეთს შორის ურთიერთობის საკითხებზე ისაუბრეს და სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.
ვოლსკის თქმით, შეხვედრაზე მსოფლიოში მიმდინარე პროცესები განიხილეს.
„შეხვედრაზე განვიხილეთ როგორც რეგიონში, ასევე ზოგადად მსოფლიოში მიმდინარე პროცესები. ყურადღება ასევე დაეთმო ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის თანამშრომლობის საკითხებს. უახლოეს პერიოდში ორივე ქვეყნის პარლამენტში მეგობრობის ჯგუფები შეიქმნება და ვიმედოვნებ, რომ პარლამენტებს შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო აქტიური გახდება. ამასთანავე, ბატონ ელჩს მადლობა გადავუხადე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში გამართულ ბოლო სხდომებზე სომხეთის დელეგაციის მხრიდან გამოხატული თანადგომისთვის, საქართველოს პოზიციის გაზიარებისა და მხარდაჭერისთვის”, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ შეხვედრის შემდეგ.