მომღერალი და ლოტბარი გივი შანიძე გარდაიცვალა
ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს გივი შანიძის გარდაცვალების გამო.
როგორც ფოლკლორის ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, გივი შანიძე დაბადა 1951 წლის 7 აპრილს. 1970 წელს დაამთავრა ქუთაისის მუსიკალური სასწავლებლის საგუნდო-სადირიჟორო ფაკულტეტი, 1995 წელს – თბილისის სულხან-საბა ორბელიანის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტი.
გივი შანიძეს მომღერლობისა და ლოტბარობის საკმაოდ დიდი გამოცდილება ჰქონდა. მღეროდა: ამიერკავკასიის სიმღერისა და ცეკვის სამხედრო ანსამბლში; საქართველოს მუსიკალური და ქორეოგრაფიული საზოგადოების კამერულ გუნდში: საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის ანსამბლ დოლურში (სოლისტი), საქართველოს სახელმწიფო ორკესტრ რეროში (ჯაზქორალი).
1980 წელს საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის ბაზაზე დააარსა ფოლკლორული ანსამბლი კოლხეთი. ანსამბლმა მსოფლიოს 45 ქვეყანაში იმოგზაურა, ჰოლანდიაში გამოსცა სამი ალბომი, რომელიც 50 ქვეყანაში გავრცელდა.
1998 წელს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებით, ქართული ფოლკლორის განვითარებასა და პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისათვის მიენიჭა ღირსების ორდენი.
2015 წლიდან იყო ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლ ზესტაფონის სამხატვრო ხელმძღვანელი და სალოტბარო სკოლის კონსულტანტი.