გურამ მაჭარაშვილი მზია ამაღლობელის საქმეზე: ყველამ კარგად ვიცით, ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში პოლიციელის მიმართ ხელის აღმართვა ისჯება სისხლის სამართლებრივი წესით

„ყველამ კარგად ვიცით, ამერიკაში, საფრანგეთში, გერმანიაში, ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში პოლიციელის მიმართ ხელის აღმართვა ისჯება სისხლის სამართლებრივი წესით,“ – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა გამოცემა „ბათუმელების“ დირექტორის მზია ამაღლობელის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.

„ნებისმიერი პირი, რომელიც იძალადებს პოლიციელის მიმართ, უნდა იყოს გამოძიების ობიექტი, დაპატიმრებული და გასამართლებული,“ – ეს არის შეერთებული შტატების ფედერალური საგამოძიებო სამსახურის, იგივე FBI-ის დირექტორის სიტყვები. ახლა გამობრძანდით და დაგმეთ FBI-ის დირექტორის სიტყვები და მერე გავაკეთებთ ჩვენ კომენტარს. ყველამ კარგად ვიცით, ამერიკაში, საფრანგეთში, გერმანიაში, ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში პოლიციელის მიმართ ხელის აღმართვა ისჯება სისხლის სამართლებრივი წესით“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, პატიმრობაში მყოფი მზია ამაღლობელი შიმშილობს. მის გათავისუფლებას ითხოვენ პროტესტის მონაწილეები.

„ბათუმელების“ დამფუძნებლისა და დირექტორის მზია ამაღლობელის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს და 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები