ეკა სეფაშვილი PACE-ს რეზოლუციაზე: ეს იყო მხოლოდ ერთი მხარის მიერ ულტიმატუმის სახით წამოყენებული პირობები
„ეს იყო მხოლოდ ერთი მხარის მიერ ულტიმატუმის სახით წამოყენებული პირობები და მეორე მხარის, ანუ ჩვენი მხრიდან მიღებული ინფორმაცია არ იყო მიღებული, მოსმენილი და გაზიარებული,“ – ამის შესახებ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის შესახებ „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა, ეკა სეფაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოში განმეორებითი არჩევნები არ ჩატარდება.
„ეს რეზოლუცია არის უკიდურესად აღმაშფოთებელი რამდენიმე მიზეზის გამო. პირველი – იმიტომ, რომ ის არის აბსურდული, მეორე – იმიტომ, რომ არის აბსოლუტურად არაკომპეტენტური, და მესამე -დამსწრე საზოგადოებამ, PACE-ში მყოფ, სხვადასხვა ქვეყნის დელეგატებს ვგულისხმობ – ძალიან კარგად იცოდა, რომ საქართველოში განმეორებითი არჩევნები არ ჩატარდება. ეს გამოსვლებში თვითონვე აღიარეს, რომ არ გაყალბებულა ეს არჩევნები. რაც შეეხება ვითომდა, პოლიტპატიმრების არსებობას საქართველოში, ამის შესახებაც მათ ჰქონდათ ამომწურავი ინფორმაცია. ეს იყო მხოლოდ ერთი მხარის მიერ ულტიმატუმის სახით წამოყენებული პირობები და მეორე მხარის, ანუ ჩვენი მხრიდან მიღებული ინფორმაცია არ იყო მიღებული, მოსმენილი და გაზიარებული“, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.
ცნობისთვის, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ 29 იანვარს მიიღო რეზოლუცია, რომლის თანახმად, საქართველოს დელეგაციას აპრილამდე შეზღუდული უფლებამოსილება ექნება. დოკუმენტში მოცემულია გარკვეული პირობები, რომელთა შესრულებასაც საქართველოს ხელისუფლებას აპრილამდე სთხოვენ. მათ შორის არის „პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და ახალი არჩევნების გამოცხადება“.
მოგვიანებით საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ ქართველი დეპუტატები წყვეტენ მუშაობას საპარლამენტო ასამბლეაში, თუმცა ქვეყანა ევროპის საბჭოს წევრად რჩება.