ქართველმა და იტალიელმა რესტავრატორებმა ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს
საქართველოს ეროვნული არქივის რესტავრატორები ფლორენციის ეროვნული ბიბლიოთეკის რესტავრაციის ლაბორატორიას ეწვივნენ და ერთი კვირის განმავლობაში იტალიელი კოლეგების მუშაობას ეცნობოდნენ.
ეროვნული არქივის ინფორმაციით, ნინო მელიქიშვილსა და მაგდა შერაზადიშვილს საშუალება ჰქონდათ თავადაც ჩართულიყვნენ სარესტავრაციო-საკონსერვაციო პროცესში, გასცნობოდნენ დაზიანებული ხელნაწერი თუ ბეჭდური წიგნების, პერიოდიკის გაწმენდისა და აღდგენის პროცესს; ეტრატზე შესრულებული წიგნების საკონსერვაციო სამუშაოებს; ტყავის ზედაპირზე გრავირების მეთოდებს; სპეციალური შესანახი ყუთების დამზადების ტექნიკასა და სხვა.
ვიზიტის ფარგლებში ქართველმა რესტავრატორებმა დაათვალიერეს ფლორენციის ეროვნული ბიბლიოთეკა, ხელნაწერთა განყოფილება და მისი საცავები; ესტუმრნენ ფლორენციის სახელმწიფო არქივს, სადაც ასევე შეხვდნენ არქივის რესტავრაციის ლაბორატორიის თანამშრომლებს. გაეცნენ Opificio delle Pietre Dure-ის, იტალიის ერთ-ერთი წამყვანი რესტავრაციის ინსტიტუტის, მუშაობას. ინსტიტუტი სხვადასხვა ტიპის ექსპონატებზე მუშაობს და კულტურული მემკვიდრეობის აღდგენისა და კონსერვაციის უმნიშვნელოვანეს ცენტრს წარმოადგენს.
ვიზიტის დასასრულს, ქართველმა სპეციალისტებმა იტალიელ კოლეგებს გაუზიარეს საკუთარი გამოცდილება და წარადგინეს პროექტი „ლახამულას ოთხთავის კონსერვაცია-რესტავრაცია“, რომელიც ეროვნული არქივის რესტავრაციის ლაბორატორიაში 2020-2021 წლებში, 18 თვის განმავლობაში, მიმდინარეობდა.
ქართველ და იტალიელ სპეციალისტებს შორის კონსერვაცია-რესტავრაციის მიმართულებით გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვანია პროფესიული ცოდნის გაღრმავებისა და სიახლეების გაცნობის კუთხით, რაც მხარეებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებით გაგრძელდება.