„უცხო ცის ქვეშ შეგროვილი ქვები საქართველოს ამბებს ჰყვება“, – ია თავაძის „გაბუტული წყვილი“, „პეპლების გუნდი“, „მოლოდინი“ და იტალიაში აღმოჩენილი ნიჭი

სამტრედიაში ცხოვრობს, ამჟამად კი იტალიაში ემიგრანტია.
იტალიაში ჩასვლიდან 9 თვის შემდეგ საკუთარ თავში ზღვის ქვებით ხატვის ნიჭი იპოვა. ამბობს, რომ ყველაფერი დაიწყო სალერნოს სანაპიროდან, როდესაც ჯერ ქვების სილამაზემ  მიიქცია მისი ყურადღება, შემდეგ კი – ფორმამ… პირველი ნამუშევარიც სანაპიროზე შეიქმნა.
საკუთარ მდგომარეობას ქვებში ნაპოვნ ბედნიერებას უწოდებს. ზღვის ქვები მისი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა.
„საქართველოში როცა ვიქნები, ვაპირებ ჩემი საქმიანობის გაგრძელებას, მინდა გავხსნა პატარა სახელოსნო, იმედია, უფალი შემაძლებინებს“ .  – ხელოვან ია თავაძის პერსონა.

სამტრედიიდან ხართ. ხატვა თუ გიყვარდათ ბავშვობიდან?
– სამტრედიიდან ვარ, მაგრამ დავიბადე და გავიზარდე გურიაში, ჩოხატაურის რაიონში. ბედნიერი ბავშვობა მქონდა, ძალიან მიყვარდა კითხვა, ჩემი სოფლის (ზემო ხეთის) ბიბლიოთეკიდან გამქონდა წიგნები, ასევე მიყვარდა სიმღერა.
სიყვარულს ვერ დავარქმევ, მაგრამ მომწონდა და მინდოდა, მეც შემძლებოდა ხატვა, სიყვარული მოდის, როცა შენს საქმეს უკვე აკეთებ და  ამა თუ იმ ნამუშევარს ქმნი.
– ხართ იტალიაში, ემიგრანტი. ზღვის ქვებით ხატვა იტალიაში დაიწყეთ. ..
– იტალიაში, ქალაქ ნეაპოლში ვიმყოფები, ზღვის ქვებით ხატვაც აქ დავიწყე. მანამდე არასოდეს დამიხატავს, ქვით – მით უმეტეს.
იტალიაში ჩამოსვლიდან 9 თვის შემდეგ აღმოვაჩინე, რომ შემიძლია ზღვის ქვებით ხატვა, ყველაფერი დაიწყო სალერნოს სანაპიროდან, პირველად ქვების სილამაზემ მიიქცია ჩემი ყურადღება, შემდეგ ფორმამ, სანაპიროზე ქვა ქვას მივაწყვე და ადამიანის ფიგურა გამოვიდა, მას შემდეგ ბევრი ნამუშევარი შევქმენი, პირველად იყო გატაცება, მერე ინტერესი, ახლა, ამ ეტაპზე, შემოქმედებას დავარქმევ ჩემს მდგომარეობას.
მადლობა უფალს. ზღვის სანაპიროზე ვაგროვებ ქვებს და ნიჟარებს, იშვიათად ვიყენებ სხვა მასალას, მაგალითად ხეს ან მეტალს.
– ფანტაზია როგორ მოდის? ჯერ ესკიზს აკეთებთ თუ თავად ქვა გკარნახობთ, რა უნდა შეიქმნას?
– ფანტაზია უფრო მოდის მუშაობის დროს, თავად ქვა მკარნახობს, ქვა მიმანიშნებს, მაგრამ ჩემი იდეით და ფანტაზიით უამრავი ნამუშევარი ამიწყვია.
–  ცხოვრობთ ოჯახში.  ვინ  დაინტერესდა იტალიაში თქვენი ნამუშევრებით?
– ოჯახში, სადაც ვმუშაობ, კარგად არიან განწყობილი ჩემი შემოქმედებისადმი, მიუხედავად იმისა, რომ უამრავი ქვა მიმაქვს სახლში, არასოდეს   გამოუხატავთ უკმაყოფილება. ჩემი ნამუშევრებით დაინტერესდნენ ჩვენი ქართველი ემიგრანტები, იტალიელები. ასევე, შეიძინეს ნამუშევრებიც.
– ერთი ნამუშევრის  ისტორია…
– ყველა ნამუშევარს თავისი ისტორია და სახელწოდება აქვს, ყველა თავისებურად საინტერესოა. დამიხატავს გაბუტული წყვილი, შემდეგ ეს წყვილი შერიგებულა და ქორწილიც ჰქონიათ.
–  ამ ხელოვნებით თქვენი თავი იპოვეთ… გვიამბეთ ქვებზე, რომლებსაც უცხო ცის ქვეშ აგროვებთ…
– უკვე შეიძლება ითქვას, რომ ვიპოვე ჩემი თავი, ქვები ძალიან შემიყვარდა და უსასრულოდ შემიძლია მათზე საუბარი, ამ ლამაზი ქვების საშუალებით გადმოვცემ ჩემს ყველანაირ ემოციას, უცხო ცის ქვეშ შეგროვილი ქვები საქართველოს ამბებს ჰყვება. მთელ სულს და გულს ვდებ ყველა ნამუშევარში.
ვფიქრობ, ამიტომ არის ჩემი ნამუშევრები სრულფასოვანი (თავის ქებად არ მინდა ჩამეთვალოს). შეიძლება იფიქრონ, რომ წავიდა ზღვაზე, აკრიფა ქვები და უცებ ააწყო ნამუშევარი. ეს ასე არ არის. ქვების მოგროვებაც ძალიან შრომატევადია, შემდეგ ქვებს ვრეცხავ, ამის შემდეგ იწყება ქვების გაშლა მაგიდაზე, დაკვირვება თითოეულ მათგანზე.
ქვა აუცილებლად მიმანიშნებს,  რა უნდა შევქმნა, თუ არადა მე რა იდეაც მაქვს, იმას განვახორციელებ.
იდეასთან ერთად საჭიროა ფანტაზია, ფანტაზიის გარეშე ვერაფერს შექმნი.
ნამუშევრის აწყობის შემდეგ  წებოსთან მუშაობის პროცესი იწყება, რომელიც დიდ ყურადღებას და სიფაქიზეს მოითხოვს, დაწებება ნამუშევრის საბოლოო ეტაპია, ამიტომ ფაქიზად უნდა იხმარო წებო, რომ ქვაზე და ფონზე კვალი არ დატოვოს, ასევე სიზუსტით უნდა დადო თითოეული ქვა, რომ ნახატმა აზრი არ დაკარგოს.
ჩემი ნამუშევრების მიმართ ინტერნეტსივრცეში დიდი ინტერესი იგრძნობა
– გავყიდე რამდენიმე ნამუშევარი, მაგრამ, ძირითადად, ჯერჯერობით თავს ვიკავებ გაყიდვაზე, საქართველოში მინდა გამოფენის მოწყობა და ზოგიერთი ნამუშევარი არ მეორდება, ამისათვის საჭიროა შესაბამისი ქვა.
– ოჯახი…
– საქართველოში მყავს ოჯახი, მეუღლე და ორი ქალიშვილი, დაოჯახებულები არიან, მათ ძალიან მოსწონთ ჩემი ქვის ხელოვნება.
– ჰობი…
– ამ ეტაპზე ჩემთვის ყველაზე დიდი ჰობი ქვების შეგროვებაა და შემდეგ – ამ ქვებით ხატვა, ქვების შეგროვება ძალიან სასიამოვნო პროცესია. ზოგ ქვაში სანაპიროზე ვხედავ ამა თუ იმ დეტალს.  ქვების შეგროვება იმდენად მომწონს, დაღლასაც ვერ ვგრძნობ.
 დღესაც  მეგობრები მოუთმენლად  ელოდებიან თქვენს ნამუშევრებს…
– სად არ მამოგზაურა ამ ჯადოსნურმა ქვებმა, თითქმის ყველაფერი დავხატე, პირველად ჩემი ნამუშევრები ფეისბუქგვერდზე მორიდებით გავუზიარე ახლობლებს და მეგობრებს,  ძალიან დიდი დადებითი მუხტი და ყურადღება წამოვიდა.
მეგობრები ყოველთვის დიდი სიყვარულით ელოდებიან ჩემს ნამუშევრებს. მათი  დამსახურებაა, რომ აქამდე მოვედი. ამიტომ უღრმეს მადლობას ვუხდი მათ.
არასდროს არ დამიხატავს, ფანქარი არასოდეს მჭერია ხელში, ეს ღვთის წყალობა აღმოვაჩინე იტალიაში. ამიტომ მადლობას ვეტყვი ასევე იტალიას ამ ყველაფრისთვის, მადლობა  იმ ოჯახს, სადაც ვმუშაობ, ერთხელაც არ გამოუხატავთ უარყოფითი დამოკიდებულება, პირიქით – მოსწონთ, რასაც ვაკეთებ.
ჩემს ამჟამინდელ მდგომარეობას ქვებში ნაპოვნ ბედნიერებას დავარქმევ. მთელი ცხოვრება  მადლობელი დავრჩები უფლის.  რომ არა უფლის წყალობა და მადლი, ამ ყოველივეს ვერ შევძლებდი. ზღვის ქვები ჩემი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა… არასოდეს თქვა არასოდეს, – ყველაზე კარგი გამონათქვამია. საერთოდ არც ვიფიქრებდი, რომ ხატვას დავიწყებდი, თან ქვებით. ვთვლი, რომ საჭირო დროს საჭირო ადგილას აღმოვჩნდი, მადლობა უფალს ამისთვის, ემიგრანტული დღეების შემსუბუქებისთვის.
მადლობა ჩემს ყველა ახლობელს და ფეისბუქმეგობრებს – თბილი სიტყვებისთვის. ასევე უღრმესი მადლობა – ბატონ გიორგი კეკელიძეს, რომელმაც პირველმა დაინახა ჩემი შესაძლებლობა.– სამომავლო გეგმები…
–  სამომავლო გეგმა ბევრია, საქართველოში  მინდა გავხსნა პატარა სახელოსნო, იმედია, უფალი შემაძლებინებს.
საქართველოში აუცილებლად გავაგრძელებ ზღვის ქვებით ხატვას, ტირენიის ზღვის ქვებს ჩვენი შავი ზღვის ქვები აუცილებლად შეუერთდება.

                                                                                                                          თამარ შაიშმელაშვილი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები