კახა კალაძე: მინდა მივუსამძიმრო გარდაცვლილი მოზარდის ოჯახს, უმძიმესია ეს ყველაფერი, რაც მოხდა

„უმძიმესი ფაქტი მოხდა, ზოგიერთ მედიასაშუალებას კი ამ ამბის პოლიტიკურად გამოყენება უნდა“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა 25 იანვარს უბედური შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი 16 წლის მოზარდის საქმეზე საუბრისას განაცხადა.

კახა კალაძის თქმით, კონკრეტულმა მედიასაშუალებებმა მოზარდის გარდაცვალების საქმეზე არასწორი ინფორმაცია გაავრცელეს და სცადეს ეს ამბავი პოლიტიკურად გამოეყენებინათ.

მისი განმარტებით, უბედური შემთხვევა მოხდა არა რიყის პარკში, არამედ ე.წ. რიყის დოქების შენობაში, რომელიც არის კერძო საკუთრება.

„ძალიან სამწუხარო ფაქტი მოხდა. მინდა მივუსამძიმრო გარდაცვლილი მოზარდის ოჯახს. უმძიმესია ეს ყველაფერი, რაც მოხდა. თუმცა, ძალიან სამარცხვინოები არიან კონკრეტული მედიასაშუალებები, იმის გამო, რაც იკადრეს. ავრცელებდნენ ცრუ ინფორმაციას, რომ თითქოს, რიყის პარკში თხრილში მოხდა უბედური შემთხვევა. ამიტომაც არიან ბინძური და სამარცხვინოები და ამიტომაც აქვს საზოგადოების უდიდეს ნაწილს მათ მიმართ ის დამოკიდებულება, რაც ეკუთვნით და მომავალშიც ასე იქნება. მათ ყველა უმძიმესი ფაქტის პოლიტიკურად გამოყენება უნდათ. ამიტომაც არის, რომ ხალხი ლანძღავს და აგინებს. რასაც თესავენ, იმას იღებენ საზოგადოებისგან. ისინი არიან პირველი მოძალადეები და ძალადობის წამახალისებლები.

რაც შეეხება ამ ტრაგედიას, საზოგადოებამ უნდა იცოდეს სიმართლე. ეს საშინელი ფაქტი მოხდა ე.წ. რიყის დოქების შენობაში, რომელიც არის კერძო საკუთრება და იყო დაკეტილი. სხვა დანარჩენ დეტალზე საუბარს აღარ გავაგრძელებ, ოჯახის ტკივილიდან და იმ უბედურებიდან გამომდინარე, რაც მოხდა“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ არ გააკონტროლა აღნიშნული ობიექტი თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ, კახა კალაძის თქმით, ეს ცდება უწყების კომპეტენციას, რადგან ტერიტორიაზე ამ ეტაპზე მშენებლობა არ მიმდინარეობს.

„რა უსაფრთხოებაზე საუბრობთ? ეს არის კერძო საკუთრება, დახურული შენობა-ნაგებობაა, სადაც ჯერ არც მშენებლობის ნებართვაა გაცემული და არც მშენებლობა მიმდინარეობს. შენობა დაკეტილია და არ ფუნქციონირებს. როდესაც საკუთარი სახლი გაქვთ დაკეტილი, სადაც არ ცხოვრობთ, იქ მუნიციპალური ინსპექცია ვერ დადგება და ვერ დაიცავს“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები