“ოპოზიციის ქმედებაში ახალი არაფერია, მაქსიმალურად ცდილობენ, საქართველო დააზიანონ” – ქადაგიშვილი

“ოპოზიციის ქმედებაში ახალი არაფერია. ისინი მაქსიმალურად ცდილობენ, საქართველო დააზიანონ და მათი ხელისუფლებაში მოსვლის გეგმა სწორედ საქართველოს დაზიანებაზე გადის”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

„ფაქტებზე საუბრობენ, მაგრამ ეს ფაქტი ამდენი ხნის განმავლობაში ვერ წარადგინეს საქართველოს საზოგადოების წინაშე. პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების დროს არათუ ფაქტი, პროკურატურაში გამოცხადებასაც კი არიდებდნენ თავს, გამომდინარე იქედან, რომ ასეთი ფაქტი არ არსებობს. არჩევნების გაყალბების ან არჩევნებზე მანიპულირების ფაქტი არცერთ დამკვირვებელს არ დაუფიქსირებია, ათასობით დამკვირვებელი ესწრებოდა ჩვენს არჩევნებს, მათ შორის ეუთო/ოდორი.

საკანონმდებლო ჩარჩო ჩვენი არჩევნებისა და ტექნოლოგიური პროცესი არჩევნების ჩატარებისა, არის ისეთი, რომელიც გაყალბებას და მანიპულაციას ძირშივე გამორიცხავს. ელექტრონულად ჩატარებული არჩევნების შემდგომმქ აუდიტმა, რომელიც ამერიკულმა კომპანიამ ჩაატარა, შემდგომში უკვე პროკურატურის მიერ ჩატარებულმა გადამოწმებამ დაადასტურა, რომ არჩევნებზე მანიპულაცია ან რაიმე სახის გაყალბება წარმოუდგებელია, ტექნიკურად შეუძლებელია. გამომდინარე აქედან, ვერანაირი არგუმენტი, მტკიცებულება, ვერანაირი ფაქტი ვერ იქნება წარდგენილი, რადგან ასეთი რამ ბუნებაში არ არსებობს. მათი გათვლა არის ერთადერთ იმაზე, რომ იმ ძალებმა, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართული კანონსაწინააღმდეგოდ საქართველოს არჩევმენში, როგორც დამარცხებულმა ძალებმა, შური იძიონ საქართველოზე. ეს არის ერთადერთი, რაც ამ ოპოზიციას იმედად დარჩენია.

ჩვენ იმ მოკლე დროში, რა მოკლე დროც არის დებატებისთვის განსაზღვრული, კიდევ ერთხელ ფაქტებით ვისაუბრებთ იმაზე, რომ საარჩევნო პროცესი საქართველოში მიმდინარეობდა ღიად, ყველას შეეძლო საკუთარი მედიასაშუალებებით თავისი პოზიციის კარგად წარმოჩენა, რაც ეუთო/ოდირის დასკვნაშიც არის, არავინ იყო შეზღუდული არჩევნებში მონაწილეობის კუთხით, არავინ არ იყო თავისი ფინანსური შესაძლებლობების არჩევნებში თავისუფლად გამოყენების კუთხით შეზღუდული და ეს ეუთო/ოდირის შუალედურმა დასკვნამაც დაადასტურა, როდესაც მან თქვა, რომ არჩევნები ნორმალურ ვითარებაში მიმდინარეობს. ზოგადად იქნა აღნიშნული მხოლოდ და მხოლოდ პოლარიზაციის მაღალი ხარისხი. ერთადერთი რამ, რაც ჩვენ შეიძლება ვივარაუდოთ, არის ის, რომ დამარცხებული მხარე მოინდომებს საქართველოზე შურისძიებას. ამ გადაწყვეტილებებით ევროპამ კიდევ ერთხელ მკაფიოდ უნდა აჩვენოს, რა სურს მას რეალურად, რეალურად სურს საქართველოში დემოკრატიული პროცესი, თუ სურს საქართველოში ეწ. რეჟიმ ჩეინჯინგის პროცესის მხარდაჭერა. აქედან კიდევ ერთხელ გამოჩნდება რეალური სახე იმისა, დემოკრატიის რა ხარისხი არის დღეს ევროპაში“, – განაცხადა  ქადაგიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები