“ევროსაბჭოში საქართველოს დელეგაციის ვიზიტი არის მორიგი მტკიცებულება იმის, რომ საქართველოს სახელმწიფო არის შემდგარი სახელმწიფო” – მაჭარაშვილი

“ევროსაბჭოში საქართველოს დელეგაციის ვიზიტი არის მორიგი მტკიცებულება იმის, რომ საქართველოს სახელმწიფო არის შემდგარი სახელმწიფო, ცივილიზებული სამყაროს წევრი, ეს ვიზიტი იქნება გამოყენებული, რომ ქართული დელეგაცია მორიგ ჯერზე მოითხოვს და დაამტკიცებს იმას, რომ საქართველოს სახელმწიფო იმსახურებს ცივილიზებული სამყაროს წევრობას, რაც არაერთხელ დადასტურდა”, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

„ევროსაბჭოში ვიზიტს ექნება ასევე მნიშვნელობა, რომ კიდევ ერთხელ მიხვდებიან, საქართველოს სახელმწიფო მათივე ევროპული ინსტიტუტების შეფასებით არაერთგზის და ყოველთვის იყო შეფასებული, როგორც დინამიკურად და პოზიტიურად მზარდი სახელმწიფო. მინდა, საზოგადოებას მორიგ ჯერზე შევახსენო „ხალხის ძალის“ წერილები და კომენტარები ბოლო სამი წლის განმავლობაში, როდესაც ჩვენ ვამბობდით, რომ აქაური კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ თავისი საცეცებით იყო პირდაპირ კავშირზე იმ გლობალური ომის პარტიასთან და „დიფ სთეითთან“, რომელსაც ახლა ასრულებს ამერიკელი ხალხის დაკვეთით პრეზიდენტი ტრამპი. შესაბამისად, აქაური საქართველოს „დიფ სთეითის“, იგივე კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ჯერ კიდევ ფაფხურობენ. ხან ამბობდნენ რომ კანდიდატის სტატუსი არ გვეკუთვნოდა, ხან ვიზალიბერალიზაცია უნდათ, გაუუქმონ საქართველოს. შევახსენებ საზოგადოებას, ეს ის კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობაა“, რომელიც ტრამპზე ამბობდა, რომ იყო რუსი ოლიგარქი, ამბობდნენ, რომ ტრამპი მოვიდა რუსული ფულებით, იყო ამერიკის სირცხვილი. როდესაც ამერიკულმა საზოგადოებამ ცივი წყალი გადაასხა ყველას და აირჩია ის ადამიანი ამერიკის პრეზიდენტად, რომელიც არის ღირებულებების მხარეს, მშვიდობის მხარეს, ასეთივე დასასრული ექნება კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“, აქაური „დიფ სთეითის“ მოღვაწეობას. კოლექტიური „ნაცმოძრაობისგან“ არაფერია გასაკვირი. თან ამბობენ, რომ არ ცნობენ პარლამენტს, თან ამ დროს მშვენივრად თანხებსაც იღებენ პარლამენტიდან. თან ამბობენ პარლამენტი არალეგიტიმურიაო და თან უნდათ ვიზიტებში მონაწილეობა. ასე ატყუებენ საკუთარივე ამომრჩეველს. მართალია, ჩვენ ევროსაბჭოდან და ევროკავშირიდან, განსაკუთრებით ევროპარლამენტიდან არაერთი უსამართლო გადაწყვეტილებები მოვისმინეთ, მაგრამ დღეს აბსოლუტურად სულ სხვა მსოფლიოა. ყოველ დილით მსოფლიო საზოგადოება იღვიძებს იმის ინტერესით, ტრამპმა რომელი ბრძანებით რომელ ძალას გამოაცალა რესურსი. თუ ამერიკის პრეზიდენტმა უთხრა ევროპას, რომ ის არასამართლიანად ექცევა ამერიკას, მაშინ ჩვენ რაღა გვეთქმის“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები