კულტურის სამინისტრო საქართველოს ხელოვნების დამსახურებულ მოღვაწეს, კომპოზიტორს, მსახიობს, მხატვარსა და პოეტს – ჯუმბერ (ჯუბა) ჯანდიერს დაბადების დღეს ულოცავს
კულტურის სამინისტრო საქართველოს ხელოვნების დამსახურებულ მოღვაწეს, კომპოზიტორს, მსახიობს, მხატვარსა და პოეტს – ჯუმბერ (ჯუბა) ჯანდიერს დაბადების დღეს ულოცავს და უსურვებს ჯანმრთელობას, დღეგრძელობასა და შემოქმედებით წარმატებებს.
ჯუმბერ ჯანდიერი 1978 წლიდან აქტიურად მონაწილეობს გამოფენებში. მან არაერთი პერსონალური გამოფენა გამართა საქართველოსა და უცხოეთში: თბილისში, კიევში, სანკტ-პეტერბურგში, მოსკოვში, კიოლნში, ბონში, ამსტერდამში, პრაღაში, პარიზში, დიჟონში, ჰაანზბერგში (1999, 2001, 2002) და ა.შ.
ჯუმბერ ჯანდიერის ფერწერული ნამუშევრები დაცულია მოსკოვის ხალხთა მეგობრობის მუზეუმში, ტრეტიაკოვისა და სხვა გალერეებსა თუ ფონდებში. მისი ნამუშევრები არის არაერთ კატალოგში.
ჯუმბერ ჯანდიერმა შექმნა მუსიკალური თხზულებები, ინსტრუმენტული სონატები, საფორტეპიანო პიესები, ვოკალური (სოლო და საგუნდო) ნაწარმოებები, მათ შორის – ვოკალური ციკლები: „მზეო, მარიამ“, „მზეო თიბათვისა“, „იისფერი თოვლი“, „მერი“, „რომელი საათია“, „უსიყვარულოდ“, „მთაწმინდის მთვარე“, „ქარი ქრის“, აგრეთვე – რამდენიმე ორატორია და კანტატა.
კომპოზიტორის ცნობილი საესტრადო სიმღერებია: „ისევ მიქრის თეთრი რაში“, „მზეო, მარიამ“, „ფიროსმანი“, „რეკვიემი“, „საქართველოს უკვდავება გვწამს“, „მსახიობის ბედი“, „კომედიანტები”, „ხოხობს სძინავს თბილისში“, „დღეს ილია საქართველოს ლოცავს“. იგი ქმნის მუსიკას სპექტაკლებისა და დოკუმენტური ფილმებისთვის.
ჯუმბერ (ჯუბა) ჯანდიერმა 90-მდე მთავარი თუ ეპიზოდური როლი შეასრულა ქართულ თეატრში, კერძოდ, უაღრესად საინტერესო სახეები შექმნა კ. მარჯანიშვილის სახელობის, მოზარდ მაყურებელთა, სოხუმის კ. გამსახურდიას სახელობის თეატრების სცენებზე.
ჯუმბერ (ჯუბა) ჯანდიერი არის ექვთიმე თაყაიშვილის საზოგადოების, თეატრალურ მოღვაწეთა კავშირის, საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის, საქართველოს მწერალთა კავშირისა და საქართველოს მხატვართა კავშირის წევრი, აფხაზეთის სახალხო არტისტი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, ღირსების ორდენის კავალერი, გალაკტიონ ტაბიძის სახელობის პრემიის ლაურეატი.