2024 წელს 7 მილიონ 700 ათასამდე ვეტერინარული მანიპულაცია განხორციელდა
ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვისა და ქვეყანაში ეპიზოოტიური სტაბილურობის უზრუნველყოფის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარებმა, 2024 წელს, 7 მილიონ 700 ათასამდე ვეტერინარული მანიპულაცია განახორციელეს.
სეს-ს ინფორმაციით, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, შინაურ ცხოველებს უფასო ვაქცინაცია/რევაქცინაცია ჩაუტარდათ ისეთ ინფექციურ დაავადებებზე როგორებიცაა: თურქული, ჯილეხი, ბრუცელოზი, ცოფი, ცხვრისა და თხის ყვავილი, წვრილფეხა პირუტყვის ჭირი.
ყირიმ-კონგოს ეპიდემიოლოგიურ კერებში დამუშავდა 6 080 მსხვილფეხა საქონელი, ცხოველთა სეზონური გადარეკვის პერიოდში კი, ვეტერინარული ზედამხედველობის პუნქტებზე ექტოპარაზიტების საწინააღმდეგოდ სულ 947 ათასამდე წვრილფეხა და მსხვილფეხა პირუტყვია დამუშავებული.
განხორციელებული ღონისძიებები ხელს უწყობს საშიში ინფექციური დაავადებების გავრცელებისა და შედეგად მოსალოდნელი ეკონომიკური ზარალის თავიდან აცილებას. იმავდროულად, საქართველო ინარჩუნებს ეპიზოოტიურად კეთილსაიმედო ქვეყნის იმიჯს, რაც დადებითად აისახება საექსპორტო მაჩვენებლებზე.
აღსანიშნავია, რომ 2024 წელს 3877 ვეტერინარული სერტიფიკატი გაიცა და ქვეყნიდან 485 ათასამდე წვრილფეხა და მსხვილფეხა ცხოველის ექსპორტი განხორციელდა.