დოდო აბაშიძის საიუბილეო გამოფენის ნახვა ეროვნული არქივის ვებგვერდზეა შესაძლებელი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის მიერ მომზადებული მსახიობ დოდო აბაშიძის 100 წლის საიუბილეო გამოფენის დათვალიერება ამიერიდან ეროვნული არქივის ვებგვერდზე, ონლაინ არის შესაძლებელი.

ეროვნული არქივის ინფორმაციით, ექსპოზიცია მოიცავს დოდო აბაშიძის თეატრალური და კინოროლების ამსახველ ფოტოებს, მის პორტრეტებსა და საოჯახო არქივში დაცულ სურათებს. ქართული მხატვრული ფილმების გადასაღები მოედნების მდიდარი ფოტოკოლექციიდან საგამოფენოდ 40-მდე ფილმის 120-ზე მეტი ფოტოა შერჩეული.

დოდო აბაშიძის სამსახიობო კარიერა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში 1949 წელს დაიწყო. მან 7-წლიანი მოღვაწეობის განმავლობაში 20-ზე მეტ სპექტაკლში ითამაშა, მათ შორის, შეასრულა თავისი მამის, 1937 წლის რეპრესიებს შეწირული ცნობილი მსახიობის, ვანიკო აბაშიძის განსახიერებული როლები.

დოდო აბაშიძეს 1954 წლიდან იღებდნენ კინოში. მხატვრულ ფილმებში განსახიერებული აქვს 50-ზე მეტი როლი, მათ შორისაა: ბიჭიკო („ჭრიჭინა”, 1954), აბდუშაჰილი („ბაში–აჩუკი”, 1956), დღვირა („თეთრი ქარავანი”, 1963), ომარ მარღანია („მაცი ხვიტია”, 1966), სოსანა („დიდი მწვანე ველი”, 1967), მამამზე ერისთავი („დიდოსტატის მარჯვენა”, 1969), ალექსანდრე („სინათლე ჩვენს ფანჯრებში”, 1969), პრისტავი („ვერის უბნის მელოდიები”, 1973), იასონი („პირველი მერცხალი”, 1975), პაპა გაბრიელი („მწვერვალი”, 1976), ვარლამი („რაჭა, ჩემი სიყვარული”, 1977), არქიფო სეთური („დათა თუთაშხია”, 1977), ყვარყვარე („ყვარყვარე”, 1978), გიორგი („ფესვები”, 1987) და სხვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები