ნიკოლოზ სამხარაძე: სამოქალაქო საზოგადოება უნდა ასახავდეს საზოგადოების ნებას და არა იმას, თუ რა რა პოლიტიკური ხაზის გატარება სურს დონორს

„როდესაც არასამთავრობო სექტორთან ურთიერთობაზე ვსაუბრობთ, ჩვენ ვამბობთ, რომ ეს არასამთავრობო სექტორი, ანუ, სამოქალაქო საზოგადოება, როგორც მას უწოდებენ, მართლაც სამოქალაქო საზოგადოება უნდა იყოს და ასახავდეს ქართული საზოგადოების ნება-სურვილებს და არა იმას, თუ რომელ კონკრეტულ დონორს რა კონკრეტული პოლიტიკური ხაზის გატარება მოუნდება საქართველოში“, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ, გადაცემაში „შუადღის პოლიტიკა“ განაცხადა.

სამხარაძის თქმით, საინტერესოა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილების საგარეო დახმარების 90 დღით შეჩერების შესახებ არგუმენტაცია, სადაც აღნიშნულია, რომ გამოსაძიებელია დაფინანსების შესაბამისობა და რამდენად ქმნიდა მესამე ქვეყნებთან ხელსაყრელ გარემოს გამოყოფილი ფინანსები.

„ვფიქრობ, ძალიან საინტერესოა არგუმენტაცია, რატომ შეაჩერა [ტრამპმა არასამთავრობოების] 90 დღით დაფინანსება – იქ წერია, რომ ხშირ შემთხვევაში, გამოსაძიებელია, ეს დაფინანსება რამდენად შეესაბამებოდა გაცხადებულ მიზნებს და ასევე, ქმნიდა თუ არა აშშ-სთვის არახელსაყრელ გარემოს მესამე ქვეყნებთან ურთიერთობაში და პარტნიორული ურთიერთობების განვითარების მაგივრად, ხომ არ უძაბავდა ეს ურთიერთობებს აშშ-ს მესამე ქვეყნებთან. ამიტომ, მოველი, რომ რეალურად, ამ სეგმენტის კრისტალიზაცია მოხდება. მჯერა, რომ მნიშვნელოვანია, ქვეყანაში არსებობდეს აქტიური სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც, საზოგადოების კონკრეტული სეგმენტების ნება-სურვილს, მათ შორის, პროტესტს და მათ შორის უკმაყოფილებას, გამოხატავს მთავრობის მიმართ, იმიტომ, რომ ეს ერთ-ერთი დამატებითი ბერკეტია იმისა, რომ მთავრობამ მოუსმინოს ხალხს და გაიგოს რა არის ხალხის წუხილი. სამწუხაროდ, ჩვენ საქართველოში ასეთი სამოქალაქო საზოგადოება არ გვყავს“, – აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.

მისი შეფასებით, ქართული არასამთავრობო სექტორი ჩამოკიდებულია ეფემერულ საგარეო პოლიტიკურ დაპირისპირებაზე, რომლის მიხედვითაც, თითქოს, საქართველო ჩელიაბინსკში გაიღვიძებს და რუსეთისკენ მიდის, ამას კი, არანაირი საფუძველი არ აქვს.

„ჩვენი არასამთავრობო სექტორი რეალურად ჩამოკიდებულია ეფემერულ საგარეო პოლიტიკურ თითქოს დაპირისპირებაზე, რომ ჩვენ რუსეთში მივდივართ, ჩელიაბინსკში გავიღვიძებთ და მსგავს სისულელეებზე, რომელსაც არანაირი ფუნდამენტი და საძირკველი არ აქვს. გაიხსენეთ, რომელი „ენჯეო“ ლაპარაკობს განათლების პრობლემებზე, ან გარემოს დაცვის საკითხებზე? ან რომელი „ენჯეო“ გვთავაზობს რეცეპტს, თუ როგორ გავაუმჯობესოთ ინფრასტრუქტურა, სოფლის მეურნეობა, ან დასაქმების პოლიტიკა. ბოლო დროს, რაც კი საკითხი იყო, ყველა საკითხში პირველ პლანზე იყო წამოწეული პოლიტიკური მდგენელი“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები