კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, ბექა დავითულიანმა დაათვალიერა აკაკი წერეთლის სახელმწიფო მუზეუმი, გაიცნო ხელმძღვანელობა, თანამშრომლები და არსებული პრობლემების მოგვარებაში სამინისტროს მხარდაჭერას დაჰპირდა.
მინისტრის მოადგილე გაეცნო ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის რეაბილიტაციის პროცესსაც. როგორც თეატრის დირექტორმა და სამხატვრო ხელმძღვანელმა აღნიშნეს, თეატრის რეაბილიტაცია გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. სამუშაოების ღირებულება 13 500 000 ლარია, იგი შენობის სრულ რეაბილიტაციას მოიცავს და მიმდინარე წლის ბოლოსთვის დასრულდება.
ბექა დავითულიანი გაეცნო ზესტაფონის უშანგი ჩხეიძის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში არსებულ ინფრასტრუქტურულ პრობლემებს. აღინიშნა, რომ თეატრის შენობა საკმაოდ მძიმე მდგომარეობაშია. ცნობისათვის, თეატრის რეაბილიტაცია წელს დაიწყება. ბექა დავითულიანმა მადლობა გადაუხადა თეატრის კოლექტივს ენთუზიაზმისათვის, რომელსაც საქმიანობისას ავლენენ და მომავალი თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოხატა.
კულტურის მინისტრის მოადგილემ დაათვალიერა ვანში გალაკტიონ და ტიციან ტაბიძეების სახლ-მუზეუმები. გაეცნო ინფრასტრუქტურულ გამოწვევებსა და პრობლემებს. ბექა დავითულიანი სახლ-მუზეუმის ხელმძღვანელობასა და თანამშრომლებს არსებული პრობლემების მოგვარებას დაჰპირდა.
ბექა დავითულიანმა ასევე გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა ვანის არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალის ხელმძღვანელობასა და თანამშრომლებთან. მინისტრის მოადგილემ დაათვალიერა მუზეუმ-ნაკრძალის სივრცეც.