უკრაინამ რუსეთის რამდენიმე ოლქზე დრონებით შეტევა განახორციელა
რუსეთის რამდენიმე ოლქში უკრაინული დრონების შეტევა განხორციელდა,- ინფორმაციას ამის შესახებ „დოიჩე ველე“ ავრცელებს.
მედიის ცნობით, ჩამოგდებული დრონების ნამსხვრევები მრავალსართულიანი სახლების სახურავებსა და ეზოებს მოხვდა.
როგორც ადგილობრივი მცხოვრებლები ჰყვებიან, 10-ზე მეტი ძლიერი აფეთქების ხმა გაიგეს. სავარაუდოდ, თავდასხმის ერთ-ერთი სამიზნე შეიძლებოდა ყოფილიყო სმოლენსკის საავიაციო ქარხანა, სადაც X-55 და X-59 რაკეტების წარმოება ხდება.
„ტელეგრამში“ გავრცელებული ინფორმაციით, ქარხანაში დრონის თავდასხმის შემდეგ ხანძარი გაჩნდა.
ოლქებში მუშაობენ ოპერატიული სამსახურები, გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულები არ არიან.
ამასთან, დრონების თავდასხმის საფრთხის გამო ორენბურგის მახლობლად მდებარე დახურული ქალაქის, კომაროვსკის მცხოვრებლებს უახლოეს თავშესაფრებში ევაკუაციისკენ მოუწოდეს.
კომაროვსკი არის სამხედრო ქალაქი, რომელიც რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ვებგვერდის თანახმად, სტრატეგიული დანიშნულების სარაკეტო ჯარების დაქვემდებარებაშია. 2024 წლის მდგომარეობით ქალაქში ექვსი ათასზე მეტი ადამიანი ცხოვრობს.