ნუკრი შოშიაშვილი: ტრამპის ქმედებებიდან უკვე გასაგებია, რომ ამერიკა იქნება ის დიდი სახელმწიფო, რომელიც იმოქმედებს თავისი ნაციონალური ინტერესებიდან გამომდინარე
,,ტრამპის ქმედებებიდან უკვე გასაგებია, რომ ამერიკა იქნება ის დიდი სახელმწიფო, რომელიც იმოქმედებს თავისი ნაციონალური ინტერესებიდან გამომდინარე”,- ამის შესახებ ანალიტიკოსმა ნუკრი შოშიაშვილმა გადაცემაში „დღის ქრონიკაში” განაცხადა.
მისივე თქმით, ტრამპი უკვე არღვევს ყველა ტრადიციას, რაც აქამდე აშშ-ს ჰქონია.
„თვითონ ტრამპის ინაუგურაცია ძალიან სიმბოლურია, რადგან ყველა არსებულ ტრადიციას, რაც აქამდე აშშ-ს ჰქონდა, გარკვეულწილად არღვევს იმ გაგებით, რომ ის უკვე ფსონს დებს, ასე ვთქვათ, ანტი სისტემურ ძალებთან. რამდენად ანტისისტემური იყო ორბანი და უამრავი სხვა, ეს სხვა საკითხია. მაგრამ ის დღის წესრიგი, რასაც ჩვენ ვუწოდებდით ლიბერალურ დღის წესრიგს, ფაქტია, რომ გადაიხედება. ეს უნდა მივიღოთ როგორც იდეოლოგიური მანიფესტი. ტრამპი დაეყრდნობა ისეთ პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც მას დაემსგავსებიან. ანუ იმ რიტორიკას, რასაც დღეს შეიძლება ბევრი უწოდებდეს კონსერვატიულ შემობრუნებას, ნიშნავს ეს, რომ ამ ეტაპზე ხდება გარკვეულწილად გადახედვა იმ პოლიტიკის, სადაც ამერიკა განიხილებოდა, როგორც ლიბერალური ცენტრი, რომელიც ავრცელებს სხვა დანარჩენ სამყაროში ლიბერალურ ღირებულებებს. ეს ევროპელი ლიდერებიც ტრადიციულად იყვნენ ამ გაგრძელების მატარებლები. დღეს ეს ასე არ იქნება. ტრამპმა პირველ რიგში, პირველი პრეზიდენტობის დროს ნახა, რომ ამ ძალებთან ურთიერთობა უბრალოდ არ შეიძლება და ვხედავთ, რომ ამერიკამ წინ წამოსწია ეროვნული ინტერესების იდეა და არა როგორც აქამდე იყო, როდესაც აშშ საუბრობდა, რომ ის არის, როგორც გლობალური პოლიციელი. ტრამპის ქმედებებიდან გასაგებია უკვე, რომ ამერიკა იქნება არა პოლიციელი, არამედ ის დიდი სახელმწიფო, რომელიც იმოქმედებს თავისი ნაციონალური ინტერესებიდან გამომდინარე“,- აღნიშნა შოშიაშვილმა.