ლუკა ეხვაია: ტრამპს მოუწევს იმ პრობლემასთან შეჯახებაც, რომ უკლებლივ ყველა საერთაშორისო, თუ რეგიონული ორგანიზაცია არის საკმაოდ სერიოზული პრობლემების წინაშე
”ევროპამ დაინახა, რომ ძალიან დიდი რისკი არსებობს იმის, რომ ტრამპმა თავისი ფოკუსი გადაიტანოს სხვადასხვა რეგიონზე. შესაბამისად, ის, რომ უკრაინაში ომი გახანგრძლივდეს და ტრამპის ადმინისტრაცია თავით იყოს ჩარგული კონტინენტის საქმეებში და უკრაინის ომში, ევროპის ინტერესში შედის”,- ამის შესახებ „დღის ქრონიკაში“ ექსპერტმა ლუკა ეხვაიამ განაცხადა.
მისივე თქმით, ტრამპს მოუწევს იმ პრობლემასთან შეჯახებაც, რომ უკლებლივ ყველა საერთაშორისო, თუ რეგიონული ორგანიზაცია არის საკმაოდ სერიოზული პრობლემების წინაშე.
„უნდა გავაცნობიეროთ, რომ ტრამპს უწევს ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ დაშვებული ფატალური გეოპოლიტიკური შეცდომების გამოსწორება. ერთ-ერთი ასეთი უმთავრესი შეცდომა, რაც ბაიდენის ადმინისტრაციამ დაუშვა, ეს არის ისეთი ორმხრივი ალიანსების და შეთანხმებების დადება, რაც ვიხილეთ ირანსა და რუსეთს და რუსეთსა და ჩინეთს შორის. ეს არის ალიანსები, რომელიც საფრთხეს უქმნის ამერიკულ ჰეგემონიურ პროექტს. ტრამპს მოუწევს იმ პრობლემასთან შეჯახებაც, რომ უკლებლივ ყველა საერთაშორისო, თუ რეგიონული ორგანიზაცია არის საკმაოდ სერიოზული პრობლემების წინაშე. შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ გაერო არის დღეს დისფუნქციური.
რაც შეეხება კონფლიქტებს, უკრაინასთან მიმართებით დღეს ყველა აცნობიერებს, რომ ერთ დღეში ყველაფერი არ გადაიჭრება და უფრო მეტიც, ბევრი სკეპტიკურად უყურებს იმ იდეას, რომ ეს თვისობრივი სიახლე და მოლაპარაკებებში სიახლე პირველი 100 დღის მანძილზე შეიძლება შემოგვთავაზონ. ტრამპს აქვს ორი ალტერნატივა. ერთი არის ის, რომ დათანხმდეს პუტინის მოთხოვნებს და ეს მკაფიოა, მას უკრაინის ნეიტრალიტეტი უნდა და მისი ნატოში ინტეგრაციაზე უარის თქმა. მეორე მოთხოვნა, ეს არის უკვე დაპყრობილი ხუთივე ოლქის აღიარება. ეს არის პირველი და მარტივი გზა, რომელსაც რა თქმა უნდა ტრამპი არ დაუშვებს, არის ასევე მეორე ალტერნატივა. ეს არის სამშვიდობო მოლაპარაკებების დაძვრა, მცდელობები, რომ კომპრომისები გამოინახოს, მაგრამ ამავდროულად ჩვენ უკვე ვიცით, რომ ეს არ ნიშნავს, რომ ფრონტზე ცეცხლი შეწყდება. უნდა აღვნიშნოთ, რომ ევროპის ინტერესში ამჯერად შედის უკრაინაში ომის გახანგრძლივება. ევროპამ დაინახა, რომ ძალიან დიდი რისკი არსებობს იმის, რომ ტრამპმა თავისი ფოკუსი გადაიტანოს სხვადასხვა რეგიონზე. შესაბამისად, ის, რომ უკრაინაში ომი გახანგრძლივდეს და ტრამპის ადმინისტრაცია თავით იყოს ჩარგული კონტინენტის საქმეებში და უკრაინის ომში, ევროპის ინტერესში შედის “, – აღნიშნა ექსპერტმა.