თორნიკე ჭეიშვილი – ყაველაშვილის მიერ მსჯავრდებულების შეწყალებაზე: აღნიშნული შეწყალების აქტი არის უაღრესად ჰუმანური ნაბიჯი საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან
“ძალიან კარგად ახსოვს ჩვენს საზოგადოებას, რომ 2012 წლამდე საქართველოში პენიტენციურ სისტემაში, ციხეებში იყო გაუსაძლისი მდგომარეობა და კონკრეტულ ფაქტებთან ერთად, რომელიც პირდაპირ შეიძლება შეფასდეს როგორც ადამიანის წამება, ღირსების შელახვა და ა.შ. იყო პატიმრების ძალიან დიდი რაოდენობა”, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თორნიკე ჭეიშვილმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ისაუბრა.
„დაახლოებით 25 000-მდე პატიმარი იყო იმ პერიოდში საქართველოში. ჩვენი ხელისუფლების მიერ, ხელისუფლებაში მოსვლის დღიდანვე დაიწყო კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა იმისთვის, რომ ეს რაოდენობა შემცირებულიყო და დაახლოებით ორ-ნახევარჯერ იქნა შემცირებული, თუმცა ეს პროცესი გრძელდება.
მე მინდა საზოგადოებას შევახსენო. დაახლოებით ერთი წლის წინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უკვე გააკეთა განცხადება იმის თაობაზე, რომ ჩვენს ციხეებში პატიმართა რაოდენობის შემცირების თვალსაზრისით იქნებოდა გადადგმული შესაბამისი ნაბიჯები.
ძალიან კარგად უნდა გვახსოვდეს ისიც, რომ საქართველოს წინა მოწვევის პარლამენტმა მიიღო ამნისტია, რომლის საფუძველზეც დაახლოებით 1 000 პატიმარი გათავისუფლდა. ხოლო ამნისტია შეეხო 4 000-ზე მეტ მსჯავრდებულს.
აღნიშნული შეწყალების აქტი არის უაღრესად ჰუმანური ნაბიჯი საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან. რამდენადაც ჩვენ გვაქვს ინფორმაცია ამ პროცესში ძალიან აქტიურად იყო ჩართული ყველა კომპეტენტური უწყება და ამ უწყებათაშორისი თანამშრომლობის შედეგად მიიღეს აღნიშნული 613 პატიმრის შეწყალების გადაწყვეტილება. რამდენადაც მე მაქვს ინფორმაცია, აღნიშნული მსჯავრდებულები პენიტენციურ დაწესებულებებს დატოვებენ მიმდინარე დღეებში.
ეს არის გაგრძელება იმ ჰუმანური პოლიტიკის, რომელიც პენიტენციურ სისტემასთან მიმართებით აქვს ჩვენს ხელისუფლებას. მინდა შევახსენო საზოგადოებას, რომ 2012 წლის შემდეგ სტრასბურგში, ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სასამართლოში არცერთი საქმე არ ყოფილა მიღებული წარმოებაში, რომელიც შეეხება ჩვენს საპატიმროებში შესაძლო არაჰუმანურ თუ არაადამიანურ მოპყრობას პატიმრებთან მიმართებით“, – აღნიშნა ჭეიშვილმა.