თამარ ჩიბურდანიძე: ჩვენი რეგიონი უნდა იქცეს ძლიერ პოლიტიკურ და ეკონომიკურ სუბიექტად

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ოფიციალურ ვიზიტს პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე სოციალური ქსელით ეხმიანება და წერს, რომ სამხრეთ კავკასია აუცილებლად უნდა ჩამოყალიბდეს ძლიერ პოლიტიკურ და ეკონომიკურ სუბიექტად.

„მაშინ, როდესაც ქართული ოპოზიცია დონალდ ტრამპთან კეკლუცობისთვის ემზადება ამერიკაში, ჩვენი პრემიერი აზერბაიჯანში უმნიშვნელოვანეს ვიზიტს მართავს სწორედ ტრამპის ინტერესის ქვეშ მოქცეული სამხრეთ კავკასიის გაძლიერებისთვის. თუკი უუფლებო სალომე ზურაბიშვილის დესპანობა ტრამპის კარზე, ისევ უსიტყვო მორჩილებას გვპირდება, ხელისუფლება ცდილობს პარტნიორ ქვეყნებს სუვერენული სახელმწიფოს სტატუსით ესაუბროს.

ჩვენი რეგიონი უნდა იქცეს ძლიერ პოლიტიკურ და ეკონომიკურ სუბიექტად. მხოლოდ ამ შემთხვევაშია შესაძლებელი გლობალურ პოლიტიკაში ღირსეული ადგილი დავიმკვიდროთ. ახალ რეალობაში სამხრეთ კავკასია, ისევე როგორც შუა აზია, მეტ დატვირთვას იძენს და უძლიერესი სახელმწიფოების ინტერესის სფერო ხდება. სწორედ ამიტომ, ექსპერტების შეფასებით, სწორი სტრატეგიაა რეგიონის გაძლიერება და ამ პოზიციიდან საუბარი პარტნიორ სახელმწიფოებთან.

სამხრეთ კავკასია ჩვენი ისტორიული ოჯახია. საქართველოც და მეზობელი სახელმწიფოებიც ჯერ ამ ოჯახში უნდა იყვნენ ძლიერნი და შემდეგ იქნებიან ანგარიშგასაწევი სხვისგანაც. 90-იანი წლებიდან მოყოლებული, როგორც ქართველი, ასევე აზერბაიჯანელი და სომეხი ექსპერტები სწორედ ამაზე მიუთითებდნენ, თუმცა ამის საშუალება არ მოგვეცა. სამხრეთ კავკასიაში რუსეთის და დასავლეთის ურთიერთსაპირისპირო ინტერესებმა ამის შესაძლებლობა არ მოგვცა. დღეს აღმოსავლეთის ქვეყნების ახალი ინტერესებით და “შუა დერეფნის” პროექტით სულ სხვა რეალობა დადგა და შესაძლებელი გახდა რეგიონის წონადობის გაზრდა.

თუმცა, ეს ახალი რეალობა, რომელიც საქართველოს და მთლიანი რეგიონის გაძლიერებას გვიქადის, თავისით არ მოსულა. ამ შანსს გამოყენება უნდოდა და ჩვენმა პოლიტიკურმა ლიდერებმა ეს საუკეთესოდ გამოიყენეს მშვიდობის შენარჩუნებით და ეკონომიკური ზრდით.

დღეს, ოპოზიციას პრემიერის აზერბაიჯანში ვიზიტი უფრო ზარავს, ვიდრე თუნდაც ბრიტანეთის „დაფინანსებული სანქციები“. მათ კარგად იციან, რომელს რა შედეგი მოჰყვება. გააგზავნონ გადამდგარი ზურაბიშვილი ტრამპის ინაუგურაციაზე მეათეხარისხოვან სტუმრად; იხადონ ფული ოპოზიციის ლობისტებმა ახალ-ახალ სანქციებში თუ უცხოელი პოლიტიკოსების განცხადებებში… მათზეა ნათქვამი, „ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდისო“.

ჩვენი რეგიონის ქარავანი ნამდვილად წარმატებით მიდის და ბევრ სიურპრიზს ჰპირდება ჩვენს მოსახლეობას“, – წერს თამარ ჩიბურდანიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები