ზურაბ პატარაძე: აზერბაიჯანის დედაქალაქის ცენტრალურ უბანში განთავსდება საქართველოს ახალი საელჩო, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მეგობარ ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაძლიერებისთვის
“აზერბაიჯანის დედაქალაქის ცენტრალურ უბანში განთავსდება საქართველოს საელჩო, ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია მეგობარ ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაძლიერებისთვის”, – ამის შესახებ აზერბაიჯანში საქართველოს ელჩმა ზურაბ პატარაძემ განაცხადა.
მისი შეფასებით, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია.
„დღეს გაიმართა შეხვედრა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან, ასევე გაიმართა შეხვედრები აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრთან და გაიმართა სამთავრობოთაშორისო ეკონომიკური კომისია. ჩვენ გვქონდა საშუალება, მოგვენახულებინა მიწის ნაკვეთი, რომელიც აზერბაიჯანის ხელისუფლებამ გადმოსცა საქართველოს, საქართველოს საელჩოს მშენებლობისთვის. აღსანიშნავია, რომ მიწის ნაკვეთი განლაგებულია აზერბაიჯანის დედაქალაქის ცენტრალურ უბანში, 3 500 კვ.მ. მიწაზე განთავსდება საქართველოს საელჩო. ასევე იქნება სხვადასხვა პროექტი განხორციელებული ამ ნაკვეთზე, შესაბამისად, იქნება ელჩის რეზიდენცია, საკონსულოს მისაღები, საელჩოს ძირითადი შენობა. ვფიქრობ, ეს ფაქტი ძალიან მნიშვნელოვანია მეზობელ, მეგობარ ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღვივებისთვის, გაძლიერებისთვის. სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანაში საქართველოს ექნება ახალი საელჩო, სადაც განთავსებული იქნება დიპლომატიური კორპუსი“, – განაცხადა ელჩმა.