ირაკლი ქადაგიშვილი პროკურატურის შუალედურ დასკვნაზე: ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ არჩევნებზე არანაირი ტიპის გაყალბება და მანიპულაცია არ და ვერ მოხდებოდა

„ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ არჩევნებზე არანაირი ტიპის გაყალბება და მანიპულაცია არ და ვერ მოხდებოდა, რაც დადასტურებულია ეუთო/ოდირის დასკვნაშიც“- ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს.

მისი თქმით, ეს აჟიოტაჟი დამყარებულია ქართველი ხალხის ნების უარყოფაზე.

“არჩევნებთან დაკავშირებული მთელი ეს აჟიოტაჟი არ ეფუძნება არაფერს რეალურს, თავიდან ბოლომდე არის დამყარებული ქართველი ხალხის ნების უარყოფაზე, დემოკრატიული არჩევნების პრინციპის უგულებელყოფაზე და გარკვეული უცხოური ძალების მიერ დაკვეთით ხდება ქვეყანაში სიტუაციის დესტაბილიზაცია”, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ არჩევნების შესაძლო გაყალბების ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების შუალედური შედეგების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა. პროკურატურა აცხადებს, რომ სასამართლოში დაკითხვისას მოწმეთა უმეტესმა ნაწილმა გამოძიებას ვერ მიაწოდა ვერანაირი სახის მტკიცებულება და მათი არგუმენტაცია მხოლოდ მესამე პირების მიერ მიწოდებულ დაუზუსტებელ ინფორმაციას ეყრდნობოდა, ცალკეულმა მოწმეებმა კი გამოძიებას განუცხადეს, რომ მათ მიერ გაკეთებული განცხადებები არჩევნების გაყალბების კონკრეტულ ფაქტებზე ემსახურებოდა პრევენციულ ღონისძიებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები