ფოლკლორული საარქივო მასალების კატალოგიზაციის პროექტი გრძელდება
ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრს გასაციფრებლად ხელოვნების სასახლესა და ხალხური სიმღერისა და საკრავების მუზეუმის ფონდებში დაცული მასალები გადაეცა.
ფოლკლორის ცენტრის ინფორმაციით, მასალებს შორისაა, გასული საუკუნის სხვადასხვა წლებში ექსპედიციებისას ჩაწერილი და ოჯახებიდან წამოღებული ბაბინები, აუდიოკასეტები, ფოტო და ვიდეო არქივი.
„დღემდე უცნობია ნაწილი მასალების წარმომავლობა და მასზე ჩაწერილი ნიმუშების შინაარსი. აქედან გამომდინარე, გადაწყდა ფოლკლორის ცენტრის და ხელოვნების სასახლის მიერ ერთობლივი პროექტის შედგენა, რომლის ფარგლებშიც ფოლკლორული მასალები გაციფრდება და შეინახება, როგორც ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში, ასევე ხელოვნების სასახლის ფონდში.
ფოლკლორული საარქივო მასალების კატალოგიზაციის პროექტი ხორციელდება საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.