9 იანვარი წმინდა სტეფანე ხირსელის ხსენების დღეა
9 იანვარი წმინდა სტეფანე ხირსელის ხსენების დღეა. ხირსის სტეფანწმინდის მონასტერი – მდებარეობს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ტიბაანში. ყოველი წლის 9 იანვარს აქ იმართება წმინდა სტეფანობა. მონასტერი VI საუკუნის შუა ხანებში საქართველოში ქრისტიანობის ერთ-ერთმა მქადაგებელმა, ასურელმა მამამ სტეფანე ქიზიყელმა დააარსა.
ის იოანე ზედაზნელის მოწაფე იყო და სამოღვაწეოდ მან შეარჩია ცივ-გომბორის ქედზე მცირე ფერდობი, რომელიც იმ დროს ტყით იყო დაფარული.
დასახლდა და თავისი ზეციური მფარველის, წმინდა პირველმოწამე სტეფანეს სახელზე ააშენა მცირე ეკლესია, რომელიც, გადმოცემის თანახმად, კახეთის მეფე კვირიკე I-ის (893-918 წწ) შრომით შეცვლილა გუმბათიანი ტაძრით. XVI საუკუნის 40-იან წლებში კი ლევან კახთა მეფის დროს განახლდა.
სტეფანე ხირსელი ამ მონასტერში განისვენებს.
ერთი მოსაზრებით, ხირსა უნდა წარმოდგებოდეს სიტყვა „ღირსი“-დან, რომელიც შემდეგ იქცა ხირსად, ხოლო მეორე მოსაზრებით, მას სახელწოდება უნდა მიეღო იქვე გამომავალი პატარა მდინარე ხირსიდან. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კირიონ II-ის მოსაზრებით კი, ამ სახელის მატარებელი იყო ადგილი პალესტინაში და შესაძლოა, სირიიდან მოსულ წმინდა მამას მის აღსანიშნავად ეწოდებინა მონასტრისთვის.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა სტეფანეს ხსენების დღეს 9 იანვარს აღნიშნავს.